ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, საქართველოს ელჩმა აშშ-ში თანამდებობა დატოვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, რადგან ქვეყანამ დაარღვია ამ პარტნიორობის ძირითადი პრინციპები. ამის შესახებ 30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მისმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა გაავრცელა ინფორმაცია.
ვაშინგტონი და ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამენ ქვეყანაში ამჟამინდელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის წინაშე“, – ნათქვამია მილერის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ერთგულებას: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ.
შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი”.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი კვლავაც „უდიდესი უმრავლესობით“ უჭერს მხარს ევროპასთან ინტეგრაციას. ვაშინგტონმა დაგმო „პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენება ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება“.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზას, ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით და გააუქმოს „ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი პროტესტის ფონზე პარლამენტიდან გაწვეული ე. წ. „აგენტების კანონი“ მიმდინარე წელს უკან დააბრუნა და მიიღო, მაისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ შესაძლებელი იყო ვაშინგტონსა და თბილისს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა. 30 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოხატავდა შეშფოთებას დემოკრატიისგან საქართველოს „ბოლოდროინდელი უკანდახევის“ გამო.
ნანა ძნელაძე
p: s: ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი გადადგა. ზალკალიანის გარდა გადადგა, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში გამოცემას უდასტურებს ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ.
ზალკალიანის გადადგომამდე (ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია საგარეო უწყებას) რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა დატოვეს თანამდებობა, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, ესენი არიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები: ბულგარეთში – ოთარ ბერძენიშვილი, ნიდერლანდებში – დავით სოლომონია, ლიეტუვაში – სალომე შაფაქიძე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ვეკუა.
p. p. s. (განახლებულია 16:30 სთ-ზე) აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ზალკალიანზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა და მას სოლიდარობას უცხადებს. „სამწუხაროა, რომ მან დატოვა თანამდებობა, თუმცა ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ“, – განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება ჯანჯალიას გადადგომას, მან თქვა, რომ ეს იყო არა გადადგომა, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის საკადრო გადაწყვეტილება.
კომენტარები