ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტის არჩევნების ახალი წესით ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია ვადების, წესებისა და პროცედურების თაობაზე აკეთებს განმარტებას.
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ახალი წესით ჩატარდება – პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. განსხვავებულია არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები. ვინაიდან ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მიერ ვრცელდება არასწორი ინტერპრეტაციები და მანიპულაციური განცხადებები, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. შესაბამისად, პარლამენტმა გადაწყვეტილება არჩევნების 14 დეკემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციის გათვალისწინებით მიიღო.
რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს – არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებს ცესკო. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიერ არჩევნები დაინიშნა 14 დეკემბერს, საჭირო გახდა ზოგიერთი ღონისძიებისა და ვადის მოდიფიცირება, რის უფლებამოსილებაც საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით აქვს. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი).
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).
რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 09:00 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14:00 საათზე ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს“, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ცესკო-მ სხდომაზე ასევე დაადგინა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები.
ცესკო-ს განკარგულების თანახმად, საარჩევნო კოლეგიაში კვოტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
1. №1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“ – საარჩევნო კოლეგიის ერთი წევრი;
2. №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – საარჩევნო კოლეგიის ორი წევრი;
3. №5 – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – საარჩევნო კოლეგიის 36 წევრი;
4. №8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – საარჩევნო კოლეგიის ერთი წევრი;
5. №9 – „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” – საარჩევნო კოლეგიის ოთხი წევრი;
6. №10 – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – საარჩევნო კოლეგიის ერთი წევრი;
7. №25 – „გახარია საქართველოსთვის“ – საარჩევნო კოლეგიის ცხრა წევრი;
8. №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – საარჩევნო კოლეგიის 54 წევრი;
9. №45 – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – საარჩევნო კოლეგიის ერთი წევრი.
„კვოტების მიხედვით, შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიებმა კოლეგიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია პრეზიდენტის არჩევნების ადმინისტრირებას კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განახორციელებს. ამასთან, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას და საზოგადოებას მიაწვდის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, – აცხადებენ ცესკოში.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
53 წლის მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან.
2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2022 წლის 28 ივნისს სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დატოვა „ქართული ოცნება“, რაც პარტიის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია.
მიხეილ ყაველაშვილს პოლიტიკაში მოსვლამდე წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რომელიც 1988 წლიდან დაიწყო თბილისის „დინამოში“, შემდეგ წლების განმავლობაში თამაშობდა სხვადასხვა უცხოურ კლუბში, მათ შორის, ინგლისის პრემიერლიგის გუნდ „მანჩესტერ სიტიში“ (1995-1997 წწ.) და 2006 წელს დაასრულა შვეიცარიულ კლუბ „ბაზელში“.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყაველაშვილს არ აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მან კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2015 წელს, რადგან ამ თანამდებობაზე კენჭის საყრელად მოთხოვნა იყო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ამგვარი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის არ არსებობს.
კომენტარები