ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ვერ შეთანხმდნენ, „ოცნება“ პარლამენტის პირველი სხდომისთვის ემზადება
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე სანქციების დაწესებასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
მოსალოდნელი რადიკალური ზომებისგან, რომელთა განხორციელებასაც საქართველოდან ბრიუსელში გაგზავნილ წერილში 4 ოპოზიციური გაერთიანება ითხოვდა, ევროკავშირი, მიზეზთა გამო, მათ შორის, აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, თავს იკავებს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა, მათ შორის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარეკ ეშტოკის მხრიდან.
„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად ევროკავშირიდან მხოლოდ უნგრეთმა მიულოცა, თუმცა არჩევნების შედეგებს აღიარებს სლოვაკეთიც.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას სწორედ უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც.
თავის მხრივ, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის მინისტერიალზე საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მიმდინარეობისას არსებული ვითარების გასარკვევად ევროკავშირის ტექნიკური მისია ჩამოვა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ სპეციალურად შექმნილი მისია ადგილზე გამოიკვლევს, რა მოხდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, აგრეთვე, მოიწვევს ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს, რათა წევრ ქვეყნებს წარუდგინოს შეფასება საარჩევნო დარღვევებზე. მისია საქართველოში უახლოეს კვირებში ჩამოვა.
ევროკავშირის ტექნიკური მისიის საქართველოში ჩამოსვლას „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოეხმაურნენ. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ოცნებაში“ მზად არიან თანამშრომლობისთვის. განსხვავებული კომენტარი გააკეთა 19 ნოემბერს პარტიის ოფისში „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ: „რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს, რაღაც ტექნიკური მისია. ვისთან ვთანამშრომლობთ? რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ, ტექნიკური მისია რა არის. ვინ ჩამოდის?“
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილი გაყინეს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ევროკავშირის გავლენიანი პირები აცხადებენ, რომ საქართველოს კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ განახლდება, როდესაც მთავრობა გააუქმებს მიღებულ ე. წ. „აგენტების კანონს“ და კანონს „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“, რაც დასავლელ პარტნიორებს ადამიანის უფლებების დარღვევად მიაჩნიათ, „ქართული ოცნება“ კი მხოლოდ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას უკავშირებს და ამბობს, რომ კანონი არავის დევნის.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, რომელიც ცესკომ 16 ნოემბერს წარადგინა, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას – ჯამში 61 მანდატი:
- „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
- „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
- „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მას გაყალბებულად მიიჩნევენ. ამავე აზრისაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით. ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა ფარულობა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლება. სარჩელი სასამართლომ დაარეგისტრირა და ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ამბობენ, რომ მანდატებზე უარს ამბობენ. მათივე თქმით, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
18 ნოემბერს თბილისის ცენტრში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის გამზირთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოძრაობა კარვებით გადაკეტეს. 19 ნოემბერს, დილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია დაშალა, რასაც დაკავებებიც მოჰყვა. სპეცრაზმმა დაშალა ბარიკადები და ტერიტორიიდან გაიყვანა მანქანები, რომლებსაც დემონსტრანტები გზების გადასაკეტად იყენებდნენ. შედეგად, უშიშროების ძალებმა ჭავჭავაძის გამზირი მთლიანად გაასუფთავეს და აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. მოგვიანებით გაათავისუფლეს მელიქიშვილის გამზირიც. სახალხო დამცველმა გზის გათავისუფლება კანონიერად შეაფასა, თუმცა სამართალდამცავთა მოქმედება – ძალის გადამეტებად. დაკავებულთა ნაწილი იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს, ერთ დაკავებულს დღეს თბილისის სასამართლომ 2700 ლარი ჯარიმა შეუფარდა, მეორეს კი – 8-დღიანი პატიმრობა.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა 20 იანვარს განაცხადეს, რომ დროებით დაშლიან აქციებს და მოქმედების ახალ გეგმას შეიმუშავებენ. კოალიციის „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ გეგმა უნდა შეცვალონ, „ვიფიქროთ რაღაც სხვაზე, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია“.
„აქციებთან დაკავშირებით რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, მაგრამ წინასწარ არ ვიტყვით, კონსულტაციები გაგრძელდება, სავარაუდოდ, „ჩათებშიც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ 20 ნოემბერს, საღამოს „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, იმსჯელეს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაზე: „სრული თანხმობა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს კოორდინაცია; მეორე საკითხი არის აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა, ცალსახად ვთანხმდებით, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მივცეთ. ვიმსჯელეთ აქციებზე, რაზეც ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, კონსულტაციები გაგრძელდება…“
„ქართული ოცნება“ კი 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომისთვის ემზადება. კანონის თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.
პირველ სხდომაზე ხდება ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, სულ ცოტა, 100 დეპუტატის უფლებამოსილებების ცნობის გზით. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის პარლამენტის სრული შემადგელობის უმრავლესობა – 76 ხმაა საჭირო.
ნანა ძნელაძე
დაკავშირებულ თემაზე: საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 90-დღიანი უვიზო ყოფნის ვადა ამოიწურა
კომენტარები