საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩეხეთთან წაგებით დაასრულა (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა სტუმრად ოლომოუცში და 1:2 დამარცხდა.
ჩეხებმა ანგარიში თამაშის დაწყებიდან მალევე, მე-3 წუთზე გახსნეს. კონტრშეტევაზე ნახევარმცველმა პაველ შულცმა საქართველოს ნაკრების დაცვის ჩავარდნა კარგად გამოიყენა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე კი ზედ ჩვენი საჯარიმოს ხაზთან ახლოს სტანდარტი დაინიშნა, რომელიც ადამ ჰლოჟეკმა იდეალურად შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა ჩეხების სასარგებლოდ.
ვილი სანიოლმა შეტევის გაძლიერების მიზნით გიორგი გველესიანი ზურიკო დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებმა ძლიერად შეუტია, ერთ-ერთი შეტევისას ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა კარის აღების რეალური შანსი, მაგრამ მეტოქის გუნდი გოლისგან ძელმა იხსნა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, რამაც შედეგიც გამოიღო – მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ზუსტი დარტყმით ანგარიშის სხვაობა შეამცირა.
სამწუხაროდ, „ჯვაროსნებმა“ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ დამარცხდნენ ანგარიშით 1:2.
ჩეხეთის ნაკრებმა 11 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე გავიდა და A ლიგაში დაბრუნდა.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ტირანაში 1:2 წააგო უკრაინასთან და C დივიზიონში დაქვეითდა. უკრაინა ჯგუფში მეორე ადგილზე დაწინაურდა 8 ქულით და მომავალი წლის მარტში პლეი-ოფში ითამაშებს ელიტურ A დივიზიონში გადასასვლელად.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა 7 ქულით და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონში მესამე ადგილზე გასულ ერთ-ერთ გუნდთან პლეი-ოფში ითამაშებს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები