საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა სტუმრად ძალზე დაძაბული შეხვედრა ჩაატარა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამიტომ თერთმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა 7:6.
პირველი მატჩი ხორვატიასთან ქართველებმა თბილისში ჩაატარეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. განმეორებითი მატჩში პირველი ბურთი ხორვატებმა გაიტანეს მე-10 წუთზე, 28-ე წუთზე კი ანგარიში ლუკა გაგნიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან შესანიშნავი დარტყმით გაათანაბრა. 63-ზე წუთზე ისევ ბელიომ გაიტანა პენალტი, თუმცა 78-ე წუთზე აზაროვის გადაცემის შემდეგ ლომინაძემ შეძლო ეფექტური გოლით წონასწორობის აღდგენა.
მსაჯმა ძირითად დროს 5 წუთი დაამატა, სწორედ დამატებულ მე-3 წუთზე შეძლო ხორვატიამ დაწინაურება. ორი მატჩის ჯამში ფრე 3:3 დაფიქსირდა.
დამატებით ორ 15-15-წუთიან ტაიმში გოლი აღარ გასულა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. საქართველოს ნაკრებმა 8 დარტყმიდან 7 გაიტანა, ხორვატებმა – 6, შესაბამისად ევროპის ჩემპიონატის საგზური ქართველებმა მოიპოვეს.
კონტინენტის პირველობა 21-წლამდელთა შორის 2025 წლის 11-28 ივლისს სლოვაკეთში გაიმართება. საქართველოსთან ერთად ფინალურ ტურნირზე ითამაშებენ: სლოვაკეთი, დანია, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, უკრაინა, აგრეთვე, ჩეხეთი და ფინეთი, რომლებიც გავიდნენ.
16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. წილისყრა 3 დეკემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. პირველად ჩვენმა გუნდმა 2023 წელს ევროპაზე მასპინძლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ურთულესი ჯგუფიდან კონტინენტის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი მაშინაც რამაზ სვანაძე იყო.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები