პოლიტიკასაქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია პროტესტის ფონზე გადადგა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით რეგიონის ე. წ. „პარლამენტის სპიკერს“ მიმართა. დოკუმენტის სკანირებული ვერსია სამშაბათს, 19 ნოემბერს ღამით, ბჟანიას პრესსამსახურმა გამოაქვეყნა. 

ბჟანიამ განმარტა, რომ ამ ნაბიჯს „სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნების მიზნით“ დგამს. ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. „პრეზიდენტმა“ თანამდებობის დატოვებისთვის მზადყოფნის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა იმ პირობით, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მიტაცებულ სამთავრობო შენობებს გაათავისუფლებენ. ბჟანიას პრესსამსახურში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თუ 19 ნოემბერს ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, იგი თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას უკან გამოიტანს.

ბჟანიას გადადგომის საკითხი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე. წ. „პარლამენტმა“ დღეს უნდა განიხილოს.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელის გადადგომის შემდეგ მას ე. წ. „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა უხელმძღვანელებს.

მასობრივი მწვავე საპროტესტო აქციების მიზეზი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო შეთანხმება გახდა, რომელიც რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, რეგიონში საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით განახორციელონ. შეთანხმების მოწინააღმდეგეები და ოპოზიციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ შეთანხმების განხორციელება საცხოვრებლის ფასების გაძვირებას გამოიწვევს და მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს. ოპოზიცია მოსკოვთან შეთანხმებას „ინტერესების პირდაპირ დათმობად“ მიიჩნევს და დოკუმენტის რატიფიკაციაზე უარის თქმას ითხოვს.

რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება აფხაზეთის ე. წ. „პარლამენტს“ 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა.

15 ნოემბერს ასობით მომიტინგემ აიღო სამთავრობო შენობების კომპლექსი, მათ შორის, „პარლამენტის“ შენობა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიჭრა.

ბჟანიას ადმინისტრაციამ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ კანონპროექტს ე. წ. „პარლამენტიდან“ უკან გაიხმობს „სიტუაციის სტაბილიზაციის“ მიზნით.

ნაშუადღევს ცნპობილი გახდა, რომ აფხაზეთის ე. წ. „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულდებლად ვიცე-პრეზიდნეტი ბადრა გუნბა დაინიშნა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ე. წ „პარლამენტრის“ სხდომაზე მის დანიშვნას 28 „დეპუტატმა“ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში 31 ე. წ. „დეპუტატი“ მონაწილეობდა, რომელთაგან წინააღმდეგ ერთი წავიდა, 2 ბიულეტენი კი გაბათილდა.

რუსული მედია იუწყება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებმა ე. წ. „პარლამენტის“ შენობა და ე.წ. „სამთავრობო კომპლექსი“ დატოვეს.

ერთ-ერთი აფხაზური პორტალი ირწმუნება, რომ ბჟანია აფხაზეთიდან გაემგზავრა, თუმცა თავად ბჟანიამ ეს ინფორმაცია უარყო და ტელეგრამზე დაწერა, რომ თანამებრძოლებთან ერთად ტამიშში იმყოფება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close