ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ბაიდენმა უკრაინას პირველად მისცა უფლება, რუსეთში დარტყმები შორი დისტანციის ამერიკული რაკეტებით განახორციელოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე იერიში ამერიკული შორი დისტანციის რაკეტებით განახორციელოს. ამის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობასაც არ ასაჯაროებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ATACMS სისტემის ამერიკულ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომელთა დიაპაზონი 300 კილომეტრს აღწევს.

NYT-ის წყაროების თქმით, ამ იარაღს, სავარაუდოდ, უკრაინული ძალები თავდაპირველად რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ კურსკის რეგიონში გამოიყენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების დასაცავად.

გამოცემის ცნობით, რუსი სამხედროები კურსკის რეგიონში გამაგრებული უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის დაწყებას აპირებენ 50 000 ჯარისკაცით, რომელთა შორის ჩრდილოეთ კორეელებიც არიან. რუსები შეეცდებიან  ამ შეტევის შედეგად უკრაინელების მიერ აგვისტოში დაკავებული საზღვრის მიმდებარე რუსული ტერიტორია მთლიანად დაიბრუნონ.

უკრაინელებს შეუძლიათ ATACMS რაკეტებით დაარტყან რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების დაჯგუფებებს, სამხედრო აღჭურვილობის საკვანძო ნაწილებს, ლოგისტიკურ კერებს, საბრძოლო მასალის საწყობებსა და მიწოდების ხაზებს რუსეთის სიღრმეში, რაც კიევს დაეხმარება, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების ერთობლივი შეტევის ეფექტურობა შეამციროს, წერს გამოცემა.

NYT-ის შეფასებით, ბაიდენის გადაწყვეტილება მისი პრეზიდენტობის დასრულებამდე და დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებამდე ორი თვით ადრე (ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი) არის მნიშვნელოვანი ცვლილებაა აშშ-ის პოლიტიკაში.

თავიდანვე, როდესაც კიევისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება დაიწყო, ვაშინგტონმა უკრაინას აუკრძალა თავდასხმები რუსეთის ზურგში იმის შიშით, რომ ეს სახიფათო ესკალაციას გამოიწვევდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაშიც. ზოგიერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა NYT-ს განუცხადა, რომ არსებობს საფრთხე, უკრაინის მიერ აშშ-ის რაკეტების რუსეთის შიდა ტერიტორიებზე გამოყენების საპასუხოდ პუტინმა ძალისმიერი ქმედებები განახორციელოს აშშ-სა და მის პარტნიორებზე კოალიციაში.

სხვა მაღალჩინოსნებმა კი გამოცემასთან განაცხადეს, რომ ისინი ამ შიშებს გადაჭარბებულად მიიჩნევენ.

ბაიდენის გადაწყვეტილება მოჰყვა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე კვირას, 17 ნოემბერს.

დღეს დილით, გამთენიისას უკრაინული ენერგეტიკული ქსელი, რომელიც ისედაც უკვე ძალიან მყიფე იყო, ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რუსული თავდასხმის სამიზნე გახდა. მთელი უკრაინის, მათ შორის, დედაქალაქ კიევში განხორციელებული დარტყმების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ათი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით ოცი დაშავდა. მწყობრიდან გამოვიდა ქვეყნის ენერგოსისტემის ნახევარი.

„მასობრივი კომბინირებული თავდასხმა უკრაინის ყველა რეგიონში განხორციელდა… მიზანში იყო ამოღებული ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა თავდასხმისას 120 რაკეტა და 90 დრონი გამოიყენა, რომელთა დიდი ნაწილი,140  სამიზნე უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.

პოლონეთმა F16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები  ასწია ჰაერში მას შემდეგ, რაც რუსული დარტყმები მის საზღვართან ახლოს განხორციელდა.

ორშაბათს, 17 ნოემბერს უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

„უკრენერგოს“ განცხადებით, დროებითი შეფერხებები 6:00 საათიდან 22:00 საათამდე იმოქმედებს.

„ენერგეტიკოსები მუშაობენ ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად, რათა მტრის მიერ დაზიანებული მოწყობილობები რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ ექსპლუატაციაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„უკრენერგომ“ მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩართონ ერთდროულად რამდენიმე მძლავრი ელექტროტექნიკა.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close