ევროპის U23 ჩემპიონატზე კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა ოქროს მედალი
საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა
პოლონეთის ქალაქ პილაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა წევრმა მოიპოვა უმაღლესი სინჯის მედალი – კოტე კაპანაძემ (81 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ).
მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი – ტერესინსკი ეფექტური იპონით დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
კოტე კაპანაძემ კი ფინალში იტალიელი ძიუდოისტს – მადალონის სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიგეს: გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) – ოქრო, ნინო ლოლაძემ (57კგ) – ვერცხლი, თენგო ზირაქაშვილმა (66 კგ) კი – ბრინჯაო.
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრებების დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
ხვალ, 17 ნოემბერს კონტინენტის პირველობაზე შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები