საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა სიმღერით To My Mom/„დედას“. ევროფესტივალი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ანდრია ფუტკარაძემ სხვადასხვა ქვეყნის ჟიურისგან და მაყურებლისგან (ონლაინ) მთლიანობაში 239 ქულა მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. ანდრიამ საქართველოს ამ გამარჯვებით რეკორდი დაუბრუნა – საქართველო საბავშვო ევროფესტივალის 4-გზის გამარჯვებულია. აქამდე საქართველო და საფრანგეთს ლიდერობდნენ 3-3 გამარჯვებით (შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა საბავშვო ევროვიზიაზე მესამედ 2023 წელს გაიმარჯვა საფრანგეთში, თუმცა 2024 წელს კონკურსის ჩატარების უფლება მეორე ადგილზე გასულ ესპანეთს დაუთმო).
მეორე ადგილზე 213 ქულით პორტუგალია გავიდა ვიქტორია ნიკოლის სიმღერით – Esperança. წინა დღით ევროვიზიის ფანები სწორედ მას მიიჩნევდნენ ფავორიტად.
მესამე ადგილი კი 203 ქულით უკრაინის წარმომადგენელმა არტიომ კოტენკომ დაიკავა კომპოზიციით Hear Me Now.
კომენტარები