საბავშვო ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა სიმღერა ემიგრანტ დედას მიუძღვნა (ვიდეო)
„ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი: „დედა, არ წახვიდე, დარჩი!..“ ახლა ვხვდები, რომ ამას ჩემთვის აკეთებს“
საბავშვო ევროვიზიამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. წელს საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს. To My Mom/ „დედას“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ქართველი კონკურსანტი ფესტივალზე მე-9 ნომრად შეასრულებს. სიმღერა ბავშვობას, ემიგრანტ დედასთან განშორებასა და მონატრებას ეძღვნება.
11 წლის ანდრიას მარტოხელა დედა ზრდის, თუმცა 4 წელია, იგი ბებიასთან ცხოვრობს, რადგან დედამისი – შორენა აბაშიძე ემიგრაციაშია. ახლა, როცა ანდრიას მისი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება, დედა ჩამოვიდა და ანდრიაც უფრო თავდაჯერებულად ემზადება კონკურსისთვის.
„მინდა ჩემი ქვეყანა ევროვიზიაზე სასახელოდ წარვადგინო, ჩემი წარმატება მიეძღვნება დედას და ბებოს…ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი: „დედა, არ წახვიდე, დარჩი!..“ ახლა ვხვდები, რომ ამას ჩემთვის აკეთებს“, – ამბობს ანდრია.
ანდრია ფუტკარაძე 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან უკვე არის ვოკალურ ანსამბლ „ზღვის შვილების“ წევრი.
წლევანდელ ევროვიზიაზე, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე კონკურსზე მე-9 ნომრად გამოვა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები