საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საბერძნეთში პოლიციელს უკბინა, პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს მოქალაქე 49 წლის მამაკაცს, რომელმაც ქალაქ თესალონიკში დაკავებისას პოლიციელს უკბინა, 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
დაზარალებულმა პოლიციის თანამშრომელმა სასამართლოზე ჩვენების მიცემისას თქვა, რომ მამაკაცი მანამდე ბინის ქურდობისთვისაც იყო დაკავებული. როგორც ჩვენებიდან ირკვევა, პოლიციის ეკიპაჟმა 49 წლის მამაკაცი შესამოწმებლად გააჩერა, რა დროსაც იგი გაიქცა. პოლიციელები დაედევნენ, საბოლოოდ კი მოქალაქეების დახმარებით დააკავეს და ხელბორკილები დაადეს. როდესაც განყოფილებაში მიიყვანეს, ლიფტში მამაკაცმა ერთ-ერთ პოლიციელს ტუჩზე უკბინა.
დაზარალებულმა სამართალდამცველმა სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავებული მამაკაცი პოლიციის განყოფილების ლიფტში რეაქტიული იყო, მას თავზე მიეჯახა და ტუჩი გაუხეთქა, ხოლო როდესაც თავი დაუჭირა, რომ გაეჩერებინა, მამაკაცმა ტუჩზე უკბინა.
მისივე სიტყვებით, პოლიციის განყოფილებაში დაკავებულმა თქვა, რომ C ჰეპატიტი აქვს. დაზარალებული პოლიციელი იძულებული გახდა, საავადმყოფოში წასულიყო, სადაც მას პრევენციისთვის ტეტანუსის აცრა და ანტიბიოტიკები გაუკეთეს.
ცნობისათვის: საქართველოს მოქალაქე 49 წლის მამაკაცს საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები