„მთელი ჩემი ცხოვრება უცნაურობაა“ – ლეო ანთაძე
„მთელი ჩემი ცხოვრება უცნაურობაა“, – მითხრა ერთ-ერთი ინტერვიუს ჩაწერის დროს ქართული თეატრისა და კინოს ცნობილმა მსახიობმა ლეო ანთაძემ და კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, მიპასუხა:
„ყოფითი, ყოველდღიური ცხოვრება არ მიყვარს, მრავალფეროვნებისთვის კი ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს. როგორ ვახერხებ, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ, განსხვავებული ცხოვრებით ვიცხოვრო. სიბერეში ამ განსხვავებული დღეების მეტი ადამიანს არაფერი რჩება მოსაგონებლად. „განსხვავებულ დღეებს გაუმარჯოსო“, – ამას ხშირად სადღეგრძელოშიც ვამბობთ. მიყვარს ეს სადღეგრძელო, რადგან განსხვავებული დღეები სიცოცხლის საფუძველია, რაც ნიშნავს, რომ მიცხოვრია…“
ჰოდა, სწორედ განსხვავებული დღეების სიმრავლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ბატონ ლეოს – 12 ნოემბერს მას 92 წელი შეუსრულდა!
…და უკვე 71 წელია ეს უნიჭიერესი ადამიანი სცენაზე დგას!
***
ლეო ანთაძის მრავალფეროვან ცხოვრებაზე მისი შემოქმედება მეტყველებს. იგი ქართველი მაყურებლის უსაყვარლესი მსახიობია. ძველი თაობა მას კარგად იცნობს და აფასებს, ახალმა თაობამ კი განსაკუთრებით ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შეიყვარა.
ცნობილ მსახიობს ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. ძალიან ლამაზ და საინტერესო ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამა რეჟისორი ჰყავდა, დედა – მსახიობი, ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალი ნინო ნაკაშიძე კი მისი ბებია იყო. ქალბატონ ნინოსთან ხშირად იყრიდნენ თავს ქართული მწერლობის კორიფეები და, ფაქტობრივად, ეს თავშეყრა გახდა მომავალი მსახიობის ლიტერატურასა და ხელოვნებასთან სულიერი დანათესავების ერთგვარი საფუძველი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბატონ ლეო ანთაძეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველს და თან ყველაზე ახალგაზრდას (25 წლის ასაკში) მიენიჭა დამსახურებული არტისტის წოდება ზურიკელას როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელიც 600-ჯერ მაინც აქვს ნათამაშები. მართალია, კინოში ამ როლისთვის ის უკვე ასაკოვანი აღმოჩნდა, მაგრამ სამაგიეროდ არაჩვეულებრივად მოერგო კახაბერის როლს ფილმში „ყვავილი თოვლზე“…
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. იცვლებოდა ცხოვრება და იცვლებოდა როლებიც. უცვლელი რჩებოდა და რჩება თავად ბატონი ლეოს ხელოვნებისადმი, უპირველეს ყოვლისა, თავისი საქმისადმი სიყვარული, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. „თუ რაიმე სწორი ნაბიჯი მაქვს ცხოვრებაში გადადგმული, ერთ-ერთი ყველაზე სწორი ეს ნაბიჯია. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, სცენაზე რომ გავდივარ, ან როდესაც მეგობრებთან ერთად გადასაღებ მოედანზე ვიმყოფები. ეს არის პროფესია, სადაც შრომა გიხარია. ყველა პროფესიას როდი აქვს ასეთი ხიბლი… სხვათა შორის, ზოგჯერ ვფიქრობ, გამოვდგებოდი კი სადმე სხვაგან? არ ვიცი, აქ რამდენად გამოვდექი, მაგრამ სხვაგან ალბათ საერთოდ უსუსური ვიქნებოდი, რადგან არცერთი სხვა პროფესია არასოდეს მაინტერესებდა…“
***
ლეო ანთაძეს ორმოცამდე კინოროლი („ქუჩის დღეები“, „რენე მიდის ჰოლივუდში“, „კალმასობა“, „თეთრი ბაირაღები“, „ლომა“, „მონანიება“, „უკვდავების თეთრი ვარდი“, „სკაპენის ოინები“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „დათა თუთაშხია“, გლადიატორი“, „ყვავილი თოვლზე“, „წკიპურტები“ , „ქუჩის დღეები“ და სხვა) და მარჯანიშვილის თეატრის პარალელურად, სხვადასხვა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო პერსონაჟი ჰყავს განსახიერებიული. საქართველოს სახალხო არტისტმა 2023 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები