გერმანიაში მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ქართველი კაცი დააკავეს
გერმანიაში, ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას Presseportal.de ავრცელებს ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 28 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც მოკლულის ახლო წრიდანაა. მკვლელობა 18 სექტემბერს მოხდა ბრემენის Walle-ს რაიონში.
პოლიციის და პროკურატურის მიერ მომზადებული კონცენტრირებული ოპერაციის ფარგლებში, ხუთშაბათს, 7 ნოემბერს ბრემენში ჩხრეკები ჩატარდა და ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს.
19 სექტემბერს გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დილით ბრემენის Waller-ის სასაფლაოზე სისხლში მცურავი მამაკაცი იპოვა, რომელსაც დანით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ადგილზე მისულმა მაშველებმა და საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ ისღა შეძლეს, რომ მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ პოლიციამ 5000 ევრო ჯილდო გამოაცხადა იმ პირისთვის, ვინც ღირებულ ინფორმაციას მიაწვდიდა მკვლელის კვალზე გასასვლელად. სამართალდამცავი უწყება შესაძლო მოწმეებს სთხოვდა, სასწრაფოდ გამოცხადებულიყვნენ ბრემენის პოლიციის სისხლის სამართლის საგამოძიებო განყოფილებაში. პოლიციამ მოკლული 40 წლის კაცის – Imer D.-ს ფოტოც გაავრცელა.
სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, რომ 18 სექტემბერს, საღამოს მსხვერპლი და მკვლელი სასაფლაოზე წაიჩხუბნენ და ეჭვმიტანილმა ფიზიკური დაპირისპირების დროს ელექტროშოკიც გამოიყენა.
პოლიცია ჯერჯერობით არ საუბრობს მკვლელობის შესაძლო მოტივებზე. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ბრემენის პროკურატურის ცნობით, პრესას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.
ნინო ხოშტარია
კომენტარები