Humanitas Rozzano მილანში და კიდევ ორი სახელმწიფო კლინიკა, კერძოდ კი – ანკონის საავადმყოფო და ფლორენციის Careggi იტალიის 3 საუკეთესო საავადმყოფოდ დასახელდა.
ამის შესახებ შედეგების ეროვნული გეგმის (Pne) პრეზენტაციის დროს გაირკვა, რომელიც ჯანდაცვის ეროვნული რეგიონული სააგენტოს, Agenas-ის გენერალურმა დირექტორმა დომენიკო მანტოანმა რამდენიმე დღის წინ რომში წარადგინა. მანტოანის თქმით, „გეგმის მიზანი ჯილდოების გაცემა ან ჯარიმების დაკისრება კი არ არის, არამედ ის, რომ სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებისკენ უბიძგონ“. გეგმა 205 მაჩვენებლის მიხედვით აფასებს 1363 სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულების მუშაობას, რომლებიც იტალიის ჰოსპიტალური ქსელის 70%-ს შეადგენს და რომელთაც გასულ წელს 8 მილიონი პაციენტი მიიღეს.
მოხსენებაში შეფასდა საჯარო და კერძო საავადმყოფოების მუშაობა შვიდ ძირითად კლინიკურ სფეროში, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, რესპირატორული, ზოგადი ქირურგია, ონკოლოგიური ქირურგია, ნეფროლოგია, ორსულობა და მშობიარობა, ძვალ-კუნთოვანი. „Humanitas-ი ზედიზედ მესამე წელია, წარადგენს საკუთარ თავს, როგორც ბრწყინვალე საავადმყოფო, სადაც მონიტორინგის რვა სფეროს აქვს ძალიან მაღალი დონე…“ – განაცხადა მანტოანმა.
Pne-ს თანახმად, იტალიის საავადმყოფოების მუშაობის ეფექტიანობის მაჩვენებლები მცირედით უმჯობესდება, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი მათგანი რჩება სტანდარტების ქვემოთ ისეთი მომსახურებებისთვის, როგორიცაა ანგიოპლასტიკა პაციენტებში გულის შეტევის დროს, რომელთა სიცოცხლე დაწესებულებათა 40%-ში ძალიან მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, რომ არაფერი იქვას ონკოლოგიური დაწესებულებების მესამედზე, რომლებიც ძუძუს კიბოს მიმართულებით მუშაობენ ისე, რომ ამ სფეროში საკმარისი გამოცდილება არ აქვთ.
„საავადმყოფოების აბსოლუტურ უმრავლესობაში მაღალი ან ძალიან მაღალი ხარისხის ნაწილები კვლავ თანაარსებობს დაბალი ან ძალიან დაბალი ხარისხის სერვისთან“, – აჯამებს კვლევას დომენიკო მანტოანი.
ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა
როგორც Agenas-ის ანგარიშშია ნათქვამი, იტალიის საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა თითქმის 8 მილიონამდე გაიზარდა (312 000-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს), რაც პანდემიამდელ მაჩვენებლებს შეესაბამება როგორც გადაუდებელი და სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის, ისე გეგმური და სტაციონარული ჰოსპიტალიზაციის მიმართულებით. ანგარიშის დასკვნა ასეთია: საავადმყოფოში მიღებული დახმარების ხარისხი გულ-სისხლძარღვთა დარღვევების დროს და ონკოლოგიური ჩარევებისას უმჯობესდება, მაგრამ მაინც არსებობს პრობლემები.
Pne-ს მონაცემების თანახმად, 2023 წელს საავადმყოფოთა დაახლოებით მესამედი შეფასდა ერთი ან ორი კლინიკური სფეროს მიხედვით. შეფასებულ 950 საავადმყოფოთაგან 3-ს აქვს მაღალი ან ძალიან მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების რეიტინგი ყველა განსახილველ სფეროში და ყველა გათვალისწინებულ მაჩვენებელში.
ესენია: Azienda Ospedaliera Universitaria Careggi – FI (ფლორენცია), რომელმაც მიიღო მაღალი ან ძალიან მაღალი შეფასება; IRCCS Humantias Rozzano – MI (მილანში) და Azienda Ospedaliero Universitaria delle Marche – AN (ანკონა), რომელთა მომსახურების ხარისხი შეფასდა მაღალი ან ძალიან მაღალი მაჩვენებლით სტრუქტურაში წარმოდგენილ ყველა, 7-ვე სფეროში და კვლევის ყველა მაჩვენებელში.
რას გვეუბნება ციფრები
მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ მაინც მოიკოჭლებს გულ-სისხლძარღვთა სფეროში, სადაც მაღალი ან ძალიან მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების დაწესებულებების პროცენტული მაჩვენებელი 51%-დან (2022 წელს) 59%-მდე გაიზარდა, თუმცა დაწესებულებათა 41% ჯერ კიდევ სტანდარტებზე დაბალ დონეზეა. მაგალითად, ანგიოპლასტიკა უნდა ჩატარდეს გულის შეტევიდან 90 წუთის განმავლობაში, მაგრამ დაწესებულებების მხოლოდ 63% აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტს და ამ დროის ფარგლებში ოპერაციების 60% ტარდება. 2022 წელს ეს მაჩვენებელი იყო 57%, რაც ნიშნავს, რომ ვითარება უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რისკი არსებობს. კორონარული შუნტირებისთვის, ისევე როგორც მრავალი სხვა სახის ქირურგიული ჩარევისთვის, გადამწყვეტი ფაქტორია წელიწადში ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა, ვინაიდან გარკვეულ ზღვარს ქვემოთ, რომელიც იტალიაში 2015 წლის მინისტრის ბრძანებულებით დადგინდა – 70 და ამჟამად არის 200 ოპერაცია წელიწადში, არ ხდება საკმარისი გამოცდილების შეძენა ოპერაციების უსაფრთხოდ წარმართვისთვის. ამ შემთხვევაში ეს ზღვარი მხოლოდ 18-მა დაწესებულებამ გადალახა (2022 წელს იყო 11). ამ 18 კლინიკაში კი კორონარული შუნტირების ოპერაციების მხოლოდ 35% ტარდება (ანუ 65% ტარდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც უსაფრთხო ოპერირებისთვის საკმარისი გამოცდილება არ არსებობს).
ონკოლოგიურ სექტორში დაწესებულებათა 77% ატარებს საკმარისი რაოდენობის ოპერაციებს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მოსაშორებლად, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულებების მესამედი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტს. მსგავსი მაჩვენებლები დაფიქსირდა მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში, დაწესებულებების 28% ასრულებს ოპერაციების „დაბალ ან ძალიან დაბალ მოცულობას“ (ანუ ცოტა ან ძალიან ცოტა ოპერაციას აკეთებს). პროსტატის კიბოს ოპერაციისთვის ეს მაჩვენებელი 16%-მდე იკლებს. პანკრეასის კიბოს შემთხვევაში კიდევ უფრო ცუდი სიტუაციაა, რადგან მხოლოდ 10 საავადმყოფო მუშაობს უსაფრთხოდ და ატარებს წელიწადში სტანდარტულ 50 ოპერაციაზე მეტს, რაც ჩატარებული ოპერაციების მთლიანი რაოდენობის 45%-ს შეადგენს.
ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას იმისათვის, რომ ხანდაზმულმა ადამიანმა სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ინვალიდის ეტლში არ გაატაროს, კარგი კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინები ოპერაციის 48 საათის განმავლობაში ჩატარებას მოითხოვს, მაგრამ დაწესებულებების დიდი უმრავლესობა, 59%, ამის გაკეთებას ვერ ახერხებს (2022 წელს უკეთესი მაჩვენებელი იყო – 53%). არაუსაფრთხო ორთოპედიული ოპერაციების წილი მკვეთრად იზრდება კალაბრიაში, ლიგურიაში, ბაზილიკატაში, უმბრიაში, მოლიზსა და სარდინიაში.
მეორე მხრივ, ნაკლებად ინვაზიური ოპერაცია – ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის მოცილება) ლაპაროსკოპია, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს ფართოდ დაინერგა: 2023 წელს ჩატარდა 101 700 ოპერაცია, რაც 9 000-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
რაც შეეხება სამშობიაროებს, უსაფრთხოების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სამედიცინო დაწესებულებამ წელიწადში 500 მშობიარობა უნდა მიიღოს, მაგრამ მათი მხოლოდ 62% აღწევს ამ ზღვარს. ანუ 38% ოპტიმალურ სტანდარტს ქვემოთაა (ცნობისათვის, 2023 წელს იტალიაში 381 766 ბავშვი დაიბადა, 11 700-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს და ეს რაოდენობა პოსტპანდემიურ პერიოდში მცირდება, თუმცა ნაკლები ტენდენციით, ვიდრე Covid-ამდე). ამასთან, ნელ-ნელა მცირდება საკეისრო კვეთით მშობიარობის რაოდენობა, 22,7%-მდე – 2023 წელს, თუმცა სამხრეთის რეგიონებში მაინც მაღალია – 40%-მდე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები