მსოფლიოპოლიტიკა

რა თანხა დაიხარჯა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?

ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაწეული ხარჯები რეკორდული იქნება. მოსალოდნელი $15.9-მილიარდიანი დანახარჯით, წლევანდელი არჩევნები, სავარაუდოდ, 2020 წლის რეკორდულ $15.1 მილიარდს გადაუსწრებს, მასთან შედარებით კი ბევრად უმნიშვნელოა 2016 წლის არჩევნები, როდესაც მხოლოდ $6.5 მილიარდი დაიხარჯა.

პრეზიდენტობისთვის რბოლაში კამალა ჰარისის კამპანიის კომიტეტმა – PAC-ების გარეთ – $1.6 მილიარდის მოგროვება შეძლო. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მიერ მოზიდული თანხა კი $1.1 მილიარდს უტოლდება. საერთო ჯამში, ორივე კანდიდატმა ერთად $2.7 მილიარდის შეგროვება შეძლო, რაც დაახლოებით $700 მილიონით უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს, ტრამპისა და ბაიდენის დაპირისპირებისას მიღებული შემოწირულება.

როგორც ჰარისის, ისე ტრამპის დონორთა შორის არაერთი მილიარდერი ირიცხება. Forbes-ის ანგარიშით, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა მხარდასაჭერად თანხა 135-მა მილიარდერმა გაიღო: 83-მა ჰარისის, ხოლო 52-მა დონალდ ტრამპის კამპანიისთვის.

ჰარისის მხარდამჭერ მილიარდერთა შორის არიან მაიკლ ბლუმბერგი, ბილ გეიტსი, მელინდა ფრენჩ გეიტსი, ლორენ პაუელი და ა. შ. მათგან მაიკლ ბლუმბერგმა და ბილ გეიტსმა დემოკრატთა კანდიდატის კამპანიისთვის $50 მილიონზე მეტი გაიღეს. რაც შეეხება ტრამპს, მან თითქმის მეოთხედი მილიარდი დოლარი მხოლოდ ორი დონორისგან – ტიმოთი მელონისგან და ილონ მასკისგან მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა ტრამპის მხარდამჭერ PAC-ებს $120 მილიონზე მეტი შესწირა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა წლევანდელ არჩევნებში საკუთარი რეკორდი მოხსნა, როგორც ყველაზე მდიდარმა საპრეზიდენტო კანდიდატმა. ტრამპის ქონება, მის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის კომპანია Truth Social-ის დამსახურებით, ოქტომბერში $8 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა Truth Social-ის აქციების ფასის კლების გავლენით, Forbes-ის შეფასებით, ტრამპის ქონება ახლა $6 მილიარდამდეა შემცირებული. ჰარისის ქონება ტრამპის სიმდიდრის მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.

forbes.ge

p. s. 5 ნოემბრის არჩევნებში ტრამპმა დამაჯერებლად გაიმარჯვა – მართალია, 4 შტატის საბოლოო მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ამ დროისთვის (7 ნოემბერი,  01:00 სთ თბილისის დროით) ტრამპს გამარჯვებისთვის საკმარისზე გაცილებით მეტი ხმა აქვს (ამერიკული CNN-ის ინფორმაციით – 291, ბრიტანული BBC-ს ინფორმაციით – 294, მაშინ როდესაც გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიების 270 ხმა ჰყოფნიდა). იმ 4 შტატიდანაც, სადაც ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან, 3-ში ტრამპი ლიდერობს, ერთში – კამალა ჰარისი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close