5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის 47-ე პრეზიდენტს ირჩევს.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი კი – აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.
არჩევნების ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, მათ შორის იყო თვითონ კამალა ჰარისიც, ნაწილმა კი წინასწარი კენჭისყრის უბნებზე მისცა ხმა.
ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია.
საარჩევნო სისტემა
აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტი არის საარჩევნო კოლეგია, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებულია. მაგალითად, კალიფორნიას კოლეგიაში ყველაზე მეტი – 55 ხმა აქვს, ტეხასს – 40, ნიუ-იორკს – 28.
თითოეულ შტატში პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს საარჩევნო კოლეგიის ყველა ხმის მიღებას. მაგალითად, თუ კალიფორნიაში მოსახლეობა მხარს დაუჭერს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, მაშინ ის საარჩევნო კოლეგიის 55 ხმას მიიღებს.
გამონაკლისია მეინისა (4 ხმა) და ნებრასკის (5 ხმა) შტატები, სადაც წარმომადგენლობის პროპორციული სისტემა მოქმედებს.
სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 დელეგატია, აქედან გამომდინარე, არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს, სულ ცოტა, 270 ხმა სჭირდება.
ამომრჩეველთა აქტივობა და მოსალოდნელი შედეგები
ხმის მიცემის უფლება 150 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს. სპეციალისტები მაღალ აქტივობას ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბოს კიდეც.
დღეს პირველი საარჩევნო უბანი თბილისის დროით 09:00 საათზე ნიუ-ჰემფშირის შტატში გაიხსნა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე. წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა, ტრადიციულად, დემოკრატების ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე. წ. მერყევ შტატებში ორივე პარტიის კანდიდატებს აქვთ გამარჯვების შანსი.
სოციოლოგიური გამოკითხვებით, ტრამპსა და ჰარისის რეიტინგებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა, რაც ცდომილების ფარგლებშია. ამის გამო, სავარაუდოდ, მერყევ შტატებში, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა, ხმების დათვლას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს და ხმების გადათვლაც გახდეს საჭირო, რადგან ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს. დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ისეთი დიდი უპირატესობით აირჩიონ, რომ გაყალბება შეუძლებელი იყოს.
თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, ვიცე-პრეზიდენტი მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი გახდება, ხოლო თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შეძლებს, მეორედ დაიკავოს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი, ვიცე-პრეზიდენტი ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი იქნება.
მოამზადა ნანა ძნელაძემ
კომენტარები