არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება – გაეცანით შემაჯამებელ ინფორმაციას! (ვიდეო)
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

ხვალ, 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. ხვალ საქართველოში პირველად ტარდება ფართომასშტაბიანი მოდერნიზებული არჩევნები, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმის მიცემის პროცედურას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაივლის, ხოლო დანარჩენი 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.
კალანდარიშვილის თქმით, არჩევნების მოდერნიზება და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, რისთვისაც თითქმის ორი წლის განმავლობაში ცესკომ „უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაო შეასრულა“, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ახალი წესით ჩატარდება – საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნებში 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. მოქმედებს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების, სულ ცოტა, 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.
ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 3 113 747 ამომრჩეველს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.
პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.
ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. „საქართველოში გახსნილია 3044 უბანი, მათ შორის 13 – გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, „საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 – პარტიული, საიდანაც 1 არის მმართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული.
საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა, ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკო-ში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და, სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულებიდან 1-2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს.
დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. აქვე შეგახსენებთ, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.
ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც, შემუშავებულია რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრა 20:00 საათზე სრულდება, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეძლებათ ხმის მიცემა. ამისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
აგრეთვე, სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკო-ს კონტაქტჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
გიორგი კალანდარიშვილი, უპირველეს ყოვლისა, მოუწოდებს ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ არჩევნებზე, რადგან „არჩევნები საერთო საქმეა“.
კიდევ ერთხელ ნახეთ საინფორმაციო ვიდეორგოლები ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. cesko.ge/ge/archevnebi/2024/parlamentis-archevnebi-2024
კომენტარები