თუ სიგარეტის მოწევას 35 წლის ასაკში შეწყვეტთ, 8 წლით მეტს იცოცხლებთ, მაგრამ რა ხდება 75 წლის ასაკში?
თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, არ აქვს მნიშვნელობა, სიგარეტის მოწევას თავს 35 წლის ასაკში დაანებებთ თუ 75-ის, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ეს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას გააუმჯობესებს. გამოდის, რომ სიგარეტზე თავის დანებება არასდროსაა გვიანი.
თანაც უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერები სიგარეტის მოწევას კიბოს, ინფარქტს, გულისა და ფილტვების დაავადებებს უკავშირებენ. აქ არც მარკეტერების წვლილზე უნდა დავხუჭოთ თვალი, რომელთაც საინფორმაციო კამპანიებით ადამიანებს ჯანსაღი ქმედებებისკენ უბიძგეს, თუმცა ისიც მართალია, რომ ამ კამპანიების სამიზნე ხშირად ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც ეუბნებოდნენ, რომ მოწევისთვის თავი მანამ დაენებებინათ, სანამ გვიანი არ იქნებოდა…
ახლა კი მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის უახლესმა კვლევამ გამოავლინა, რომ უფრო დიდხანს იცოცხლებთ მიუხედავად იმისა, რა ასაკში დაანებებთ მოწევას თავს.
„ბოლო ათწლეულში ახალგაზრდებში სიგარეტის მოხმარების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლების მომსწრე გავხდით. მიუხედავად ამისა, მაჩვენებლები უფრო ასაკიან პირებში უცვლელი რჩება და ჩვენი ინფორმაციით, არცერთ კვლევას შემოუთავაზებია მათთვის მოწევისთვის თავის დანებების სასარგებლო მხარეები. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მოწევის შეწყვეტა ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა და იმედი გვაქვს, რომ ეს უბიძგებს ასაკიან ადამიანებს, წინააღმდეგობა გაუწიონ სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევას“, – აცხადებს კენეთ უორნერი, მკვლევარი.
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მკვლევრებმა ასაკთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლები მოწევის სტატუსის მიხედვით გააანალიზეს – იმ ადამიანების, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ, რომლებიც ახლაც ეწევიან და რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს სიგარეტის მოხმარება. მათში სიკვდილიანობის რისკები განსაზღვრეს და ამერიკული მონაცემთა ბაზიდან მრავალი ინფორმაცია გამოიყენეს. შედეგად, ცხრილი შეადგინეს, რომელიც ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას 10-წლიანი ინტერვალებით 35-დან 75 წლამდე ყოფს.
აღმოაჩინეს, რომ არამწეველ ადამიანებთან შედარებით, ყოფილ თუ ამჟამინდელ მწეველებს 35, 45, 55, 65 და 75 წლის ასაკში საშუალოდ დაკარგული აქვთ სიცოცხლის 9.1, 8.3, 7.3, 5.9 და 4.4 წელი – თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოწევას დარჩენილი სიცოცხლის მანძილზეც გააგრძელებენ. ხოლო თუ აღნიშნულ ასაკში მოწევას შეწყვეტენ, დანაკარგს 8.0, 5.6, 3.4, 1.7 და 0.7 წლით შეამცირებენ.
აქვე კიდევ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი უნდა გაგაცნოთ: თუ მოწევას თავს 65 წლის ასაკში დაანებებთ, შანსი იმისა, რომ სიცოცხლე ერთი წლით გაიხანგრძლივოთ, 23.4%-ია, 75 წლის შემთხვევაში კი – 14.2%.
მეტიც, არსებული მონაცემების გაანალიზების შედეგად გამოვლინდა, რომ ადამიანების 10%-მა, რომლებმაც მოწევას თავი 65 წლის ასაკში დაანებეს, სიცოცხლის, სულ მცირე, 8 წელი დაიმატეს იმ პირებთან შედარებით, რომლებმაც მოწევა გააგრძელეს. 75 წლის ადამიანებში კი მწეველთა 8%-მა შეძლო სიცოცხლის 4 წლით გახანგრძლივება.
„სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებების სარგებელი არ არის შეზღუდული ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის პირებზე. კვლევა აჩვენებს, რომ ეს ასაკოვან ადამიანებსაც თანაბრად ეხება. შესაძლოა ასაკში სიგარეტისთვის თავის დანებების სარგებელი შედარებით დაბალი იყოს, მაგრამ ისინი პიროვნების დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობის დიდ ნაწილს წარმოადგენს“, — ამბობს უორნერი.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები თუ ექიმები ამ კვლევას მეცნიერულ არგუმენტად გამოიყენებენ, რათა ირგვლივ მყოფი ასაკიანი მწეველები სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაარწმუნონ.
და თქვენ რას აპირებთ?
marketer.ge
კომენტარები