„სადაურსა სად წაიყვან“ ანუ მსოფლიოში გაფანტული ქართველები
ქართული დიასპორის სტატისტიკური მონაცემები
თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა რომ ემიგრაციაა, ყველას კარგად მოგვეხსენება. ამდენად, ხშირად წარმოიშობა ხოლმე საკითხი, თუ რამდენი ქართველი ცხოვრობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. ხშირად უცხოეთში მცხოვრებ ქართველს არ აქვს რაიმე იურიდიული სტატუსი ან ადგილობრივი სტატისტიკური სამსახურების მიერ გამოყენებული აღრიცხვის მეთოდოლოგია სრული, ობიექტური სურათის წარმოდგენის საშუალებას არ იძლევა. ასევე, სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და გამოქვეყნება დროს მოითხოვს. შედეგად, ხშირად მოძველებული მაჩვენებლები გვაქვს ხოლმე.
ამ სტატიაში წარმოდგენილია ინფორმაცია გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. აღნიშნული ბაზა იმიტომ შევარჩიეთ, რომ ის ყველაზე სრულყოფილი და კომპეტენტურია. ამავე დროს, ისიც არაა დაზღვეული ხარვეზებისგან. რამდენადაც ასეთი მასალის შეგროვება დიდ შრომას საჭიროებს, ყოველწლიურად მისი შევსება-განახლება ურთულესი პრობლემაა.
წარმოდგენილი მონაცემები 2020 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საქართველოს მოქალაქეები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდნენ ქვეყნებში, სადაც ადრე შედარებით ნაკლებად მიდიოდნენ. უპირველესად, ეს ეხება აშშ-ს, ასევე, კანადასა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს.
თუკი ჩვენი კვლევა დაგაინტერესებთ, სამომავლოდ აღნიშნულ საკითხებზეც შემოგთავაზებთ სტატიებს.
ქართველები ევროპაში
მაშ ასე, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს თანახმად, ევროპაში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში ცხოვრობს და ამ ქვეყანაში ქართული დიასპორის რაოდენობა 85 ათას ადამიანს აჭარბებს. საგულისხმოა, რომ საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების 80%-ზე მეტს ქალები შეადგენენ. მსგავსი პროპორცია სხვა ქვეყნებში არ გვხვდება. სამაგიეროდ, უკუპროპორციაა პოლონეთში, სადაც 80% მამაკაცები არიან.
მეორე ადგილზეა გერმანია, სადაც დაახლოებით 26 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც დაახლოებით 55% ქალია და დაახლოებით 45% მამაკაცი.
იტალიაში ქართული დიასპორა დაახლოებით 16 ათასს შეადგენს და ეს ევროპაში მესამე შედეგია.
კვიპროსის მონაცემები იტალიის მსგავსია. ამ ქვეყანაშიც 16 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.
მეხუთე ადგილზეა ესპანეთი. იბერიის ნახევარკუნძულის ამ ულამაზეს ქვეყანას 12 ათასამდე ჩვენმა თანამემამულემ მიაშურა.
კიდევ რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ქართველები?
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიხედვით, 2020 წლისთვის უცხოეთში სულ 861 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა და მათგან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 450 ათასი – რუსეთის ფედერაციაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში და მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება. მაგალითად, 1995 წელთან შედარებით მათი რიცხვი 200 ათასით შემცირდა.
საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს აზერბაიჯანსა (48 ათასი) და სომხეთში (38 ათასი). ამ ქვეყნებში საქართველოდან ემიგრაციაც 90-წლებში მოხდა და, სავარაუდოდ, აქ საუბარია აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებზე.
განსაკუთრებით სწრაფი ტემპით იზრდება ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2000-დან 2020 წლამდე ქართული დიასპორა 4-ჯერ გაიზარდა და 40 ათასი ადამიანი შეადგინა.
განვითარებული ქვეყნებიდან კანადაში 2700, დიდ ბრიტანეთში 2400, ხოლო შორეულ ავსტრალიაში 720-კაციანი მცირე ქართული დიასპორები არსებობს.
ქართველები ეგზოტიკურ ქვეყნებში
როგორც აღმოჩნდა, ჩვენმა თანამემამულეებმა მსოფლიოს არაერთ შორეულ და ეგზოტიკურ ქვეყნებშიც დაიმკვიდრეს თავი. კერძოდ, 80 ქართველი ცხოვრობს ბრაზილიაში, 14 – კოსტა -რიკაში, 11 – ვენესუელაში და 2 – ბოლივიაში. საგულისხმოა, რომ საქართველოს 68 მოქალაქე რეგისტრირებულია პანამაში. საინტერესოა, ისინი სამუშაოს მაძიებელი ქართველები არიან თუ პანამის ოფშორულ კომპანიებში გადამალული მილიონების (თუ მილიარდების?) მფლობელები.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მონაცემებით, ქართველებმა ევროპის შორეულ რეგიონებშიც მოახერხეს დამკვიდრება. კერძოდ, ისლანდიაში 52 ქართველი ცხოვრობს, კუნძულ მალტაზე კი – 116. ორმა ქართველმა ჯუჯა სახელმწიფო ლიხტენშტაინში დაიდო ბინა.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები