მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

მზემ თავისი აქტიურობის მაქსიმუმს მიაღწია, გვაფრთხილებენ მეცნიერები – რას ნიშნავს ეს?

მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი არ დასრულებულა და კიდევ ერთ-ორ წელს გაგრძელდება

მზემ თავის მაქსიმუმს მიაღწია – აქტიურობის პიკს 11-წლიანი ციკლის ფარგლებში. ამის შესახებ NASA-ს,  ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველოს (NOAA) და მზის ციკლის პროგნოზირების საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენლებმა გააკეთეს, ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი არ დასრულებულა და მომავალ წელს გაგრძელდება. შესაბამისად, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია მზეზე ამოფრქვევების და მაგნიტური ქარიშხლების რიცხვის ზრდა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ დედამიწის ტექნოლოგიებსა და კოსმოსურ მისიებზე. 

მზის მაქსიმუმი არის პერიოდი, როდესაც ვარსკვლავის მაგნიტური პოლუსები ადგილებს ცვლიან და მის ზედაპირზე მრავალი ლაქა ჩნდება. ეს ლაქები უფრო ცივი, მუქი ადგილებია, რომლებიც მაგნიტური ველების შეჯგუფების გამო წარმოიქმნება. როდესაც მზის ამ ლაქებში მაგნიტური ხაზები იცვლება და ირღვევა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ანთებები და კორონალური მასის გამოდევნა (CME – coronal mass ejection) – მზის პლაზმის უზარმაზარი ღრუბლები, რომლებიც კოსმოსში სწრაფად ვრცელდება.

„მზის მაქსიმუმის დროს მისი ლაქების რაოდენობა და, შესაბამისად, მზის აქტიურობის დონე იზრდება, – განაცხადა ჯეიმი ფავორსმა, კოსმოსური ამინდის პროგრამის დირექტორმა ვაშინგტონში მდებარე NASA-ს შტაბ-ბინიდან. – აქტიურობის ეს ზრდა საინტერესო შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი გავიგოთ ახლომდებარე ვარსკვლავის შესახებ, მაგრამ, აგრეთვე, ის რეალურ ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე და მთელ ჩვენს მზის სისტემაზე“.

NASA

მზის აქტიურობის ზრდის ზემოქმედება უკვე დაეტყო დედამიწას. მაგალითად, ჩვენს პლანეტას მიმდინარე წლის მაისში ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელიც მზის ანთებების სიმრავლითა და პლაზმური ემისიებით იყო გამოწვეული. ამან წარმოქმნა პოლარული ნათებები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა იყო ბოლო 500 წლის განმავლობაში. ამასთან, ასეთმა მოვლენებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტექნოლოგიებზე, მაგალითად, შეაფერხოს თანამგზავრების, საკომუნიკაციო სისტემების, ნავიგაციის მუშაობა და, ასევე, გამოიწვიოს ელექტროქსელების მუშაობის შეფერხება.

მზარდი აქტივობის მიუხედავად მზის მიმდინარე ციკლი (ცნობილი, როგორც 25-ე) ისტორიულ „სიმაღლეებს“ არ აჭარბებს.

„მიუხედავად იმისა, რომ აქტიურობა თავდაპირველ პროგნოზს აღემატება, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რამე უჩვეულო ხდებოდეს“, – თქვა ლიზა აპტონმა ტეხასის სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტიდან.

მიმდინარე ციკლის ყველაზე მძლავრი აფეთქება მოხდა ოქტომბრის დასაწყისში (3 ოქტომბერს) და კლასიფიცირებული იყო, როგორც X9.0 – მზის ანთებების ერთ-ერთი უძლიერესი კლასი.

მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, როდის იქნება მზის აქტიურობის პიკი. ეს გამოწვეულია იმით, რომ მექანიზმები, რომლებიც მზის ციკლებს აკონტროლებენ, ბოლომდე არ არის შესწავლილი.

„ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, როგორ მუშაობს მზის აქტიურობის ციკლები. ეს არის ასტროფიზიკის ერთ-ერთი გადაუჭრელი საკითხი“, – განუცხადა ScienceAlert-ს მზის ასტროფიზიკოსმა მაიკლ უიტლენდმა.

ასტრონომები აკვირდებიან მზის ციკლებს მას შემდეგ, რაც გალილეო გალილეიმ XVII საუკუნეში პირველად შენიშნა მზის ლაქები. ყოველ ახალ ციკლს თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები ახლავს. მაგალითად, მიმდინარე ციკლი უფრო აქტიური აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი მეცნიერი მოელოდა.

NASA და NOAA მზის აქტიურობის მონიტორინგს და პოტენციური მაგნიტური შტორმებისთვის მზადებას განაგრძობენ. დეკემბერში პარკერის მზის ზონდი (Parker Solar Probe) უფრო ახლოს იქნება მზესთან, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი ნებისმიერი სხვა ობიექტი. ეს შესაძლებელს გახდის მზის აქტიურობის უკეთ შესწავლას. მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევების შედეგები ხელს შეუწყობს კოსმოსური ამინდის გაგებას და გააჩენს შესაძლებლობას, მინიმუმამდე დავიდეს მისი გავლენა ტექნოლოგიებსა და ადამიანებზე.

როგორც სპეციალისტები მოელიან. მზის ციკლის აქტიური ფაზა კიდევ ერთ ან ორი წელს გაგრძელდება, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი აქტიურობის შემცირების დროსაც მოხდეს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close