არტისტიიტალია

ქართველების სადედამთილოს, სოფი ლორენის რთული ცხოვრების გზა ვარსკვლავობამდე და მთავარი მიღწევა

ყველაზე ცნობილი იტალიელი მსახიობი, ორი „ოსკარის“ მფლობელი, რამდენიმე თაობის სექსსიმბოლო და, უბრალოდ, საოცარი ქალი სოფი ლორენი უკვე 90 წლისაა და კვლავ შესანიშნავ ფორმაშია.

როგორც უკვე იცით, მსოფლიო ვარსკვლავის უფროსმა ვაჟმა, კარლო პონტი უმცროსმა ქართველ მარიამ შარმანაშვილს ხელი სთხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო.

ამ ბედნიერი ისტორიის ბედნიერ დასასრულს თვალს მივადევნებთ და აუცილებლად შეგატყობინებთ.

დღეს დაუჯერებელია, რომ პატარა სოფია ვილანი შიკოლონე (მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი) 13 წლამ­დე ისეთი გამ­ხდა­რი და უშნო იყო, რომ ბი­ჭე­ბი დას­ცი­ნოდ­ნენ და „კბი­ლის სა­ჩიჩ­ქნ ჩხირს“ ეძახ­დნენ… უფრო მეტიც, მას მუდმივად აბულინგებდნენ და აძახებდნენ, რომ უკანონოდ იყო გაჩენილი, რადგან მისი მშობლები არ იყვნენ დაქორწინებულები, იმ დროის იტალიაში კი ეს საშინელ ცოდვად ითვლებოდა.

გოგონას დედა, პროვინციელი მსახიობი რომილდა ვილანი დიდ სცენაზე ოცნებობდა. სწორედ ამ ოცნების ასასრულებლად ჩავიდა იგი ნეაპოლის გარეუბნიდან რომში, თუმცა ინჟინერი რიკარდო შიკოლონე გაიცნო და მისგან დაორსულდა. ამით დასრულდა მისი სამსახიობო კარიერა. რომილდას არც პირად ცხოვრებაში გაუმართლა – რიკარდოს უკვე ჰყავდა ოფიციალური ცოლი და იმ დროს იტალიაში განქორწინება თითქმის შეუძლებელი იყო. თან რიკარდო შიკოლონე არისტოკრატი იყო, დიდგვაროვანთა ოჯახიდან და მას არ სჭირდებოდა „თავის ტკივილი“, ამიტომ ორსული რომილდა მარტო დარჩა.

მან ქალიშვილი მარტოხელა დედების საქველმოქმედო სახლში გააჩინა. საბედნიეროდ, მამამ გოგონას საკუთარი გვარი მისცა და მასზე გარკვეულწილად ზრუნავდა კიდეც.

სოფიას დაბადების შემდეგ დედამისმა გადაწყვიტა, რიკარდოსთან კვლავ გაეგრძელებინა ურთიერთობა და მისგან მეორე ბავშვიც გააჩინა – ისევ გოგონა, ანა-მარია. ამჯერად მამამ მეორე შვილზე მეურვეობა არ ისურვა და მათ საერთოდ ჩამოშორდა. რომილდა იძულებული გახდა, ორ შვილთან ერთად სოფელში, მშობლებთან დაბრუნებულიყო. ოჯახს ძალიან უჭირდა, სოფიას და მის დას დედასთან ერთად ერთ ლეიბზე, პირდაპირ იატაკზე ეძინათ, სათამაშოებს კი პურის გულისგან აკეთებდნენ და შემდეგ ჭამდნენ.

შეუმდგარმა მსახიობმა გადაწყვიტა, შვილის სამსახიობო და სამოდელო კარიერაზე ეზრუნა. იგი რეგულარულად გზავნიდა ფოტოებს სილამაზის კონკურსებზე და14 წლის ასაკში სოფიამ უკვე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა, შემდეგ კი მეორედაც გაიმარჯვა.

ერთ-ერთ ასეთ კონკურსზე იგი შეხვდა პროდიუსერ კარლო პონტის, რომელზეც შემდეგ ორჯერ დაქორწინდა და რომელმაც პროვინციელი გოგონასაგან პიგმალიონივით გამოძერწა დახვეწილი მანერების მქონე, განუმეორებელი სტილის მსახიობი. მანვე მოუფიქრა სასცენო სახელი – ლორენი. სწორედ კარლო პონტის წყალობით გახდა იგი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. სოფია მას ყველაფერში უჯერებდა, ერთის გარდა –  კატეგორიული უარი თქვა პლასტიკური ქირურგიით გარეგნობის შეცვლაზე. და აღმოჩნდა, რომ სწორადაც მოიქცა: მისმა ორიგინალურმა გარეგნობამ, ნიჭიერებასთან და ფანტასტიკურ შრომისმოყვარეობასთან ერთად, აქცია იგი იმად, ვინც დღეს არის.

სილამაზითა და ნიჭით განთქმულ მსახიობს იმის გამოც სცემენ პატივს, რომ მის ბიოგრაფიაში არ იყო ბევრი „სიყვითლე“ და სკანდალები, იგი ერთ ქმართან ცხოვრობდა წლების განმავლობაში და „ვარსკვლავური სენი“ არ შეყრია.

სოფია ლორენმა მომავალი მეუღლე, თავისზე 20 წლით უფროსი კარლო პონტი 1950 წელს გაიცნო, როცა 16 წლის იყო. მაშინ კარლო პონტი დაქორწინებული იყო და 2 შვილი ჰყავდა. წყვილი ნიშნობას რამდენიმე წლის განმავლობაში მალავდა. კარლო განქორწინების საქმეებს აგვარებდა. ეს ძალიან რთული პროცედურა იყო იტალიის მაშინდელი კანონებიდან გამომდინარე

კარლო პონტი და სოფია 1957 წელს ფარულად დაქორწინდნენ, თუმცა მათმა პირველმა ქორწინებამ მხოლოდ 5 წელს გასტანა. კარლო პონტი მრავალცოლიანობაში დაადანაშაულეს, რაც იტალიის კანონმდებლობით ისჯებოდა, ამიტომაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. კარლო პონტის პირველ მეუღლესთან განქორწინებას უამრავი დრო და პროცედურა დასჭირდა. პროცესი საბოლოოდ 1965 წელს დასრულდა. 1966 წლის გაზაფხულზე კი სოფია ლორენი ოფიციალურად გახდა სინიორა პონტი.

ვარსკვლავური ცხოვრების მიუხედავად სოფიას ძალიან უნდოდა, დედა გამხდარიყო, ჯერ უშვილობას მკურნალობდა, მერე ორჯერ მოეშალა მუცელი და როდესაც კვლავ დაორსულდა, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, ნაყოფის შესანარჩუნებლად თითქმის მთელი ორსულობა საავადმყოფოში გაატარა. წოლითი რეჟიმი, ბუნებრივია, გადაღებებზე სიარულს გამორიცხავდა, მაგრამ მან კარიერა უყოყმანოდ გაცვალა დედობაზე. სოფიას 1968 წელს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მამის სახელი – კარლო პონტი (უმცროსი) დაარქვეს, 1973 წელს კი მეორე ვაჟი – ედოარდო დაიბადა.

ლეგენდარული მსახიობის უფროსი ვაჟი ახლა ცნობილი დირიჟორია, ედოარდო კი მამის კვალს გაჰყვა და პროდიუსერი გახდა. კარლო პონტი უფროსი და სოფია ლორენი ერთად თითქმის 50 წელი ცხოვრობდნენ. ოქროს ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, 2007 წლის 10 იანვარს მსახიობის ცხოვრების მთავარი მამაკაცი გარდაიცვალა. სოფია აღარ დაქორწინებულა და მიაჩნია, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ოჯახია.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: ფოტოზე მიწერილი BELLISSIMA და „ჰოლივუდის ფილმად“ ქცეული ნამდვილი ამბავი – სოფი ლორენის შვილის და მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია (ვიდეო)

ფოტოზე მიწერილი BELLISSIMA და „ჰოლივუდის ფილმად“ ქცეული ნამდვილი ამბავი – სოფი ლორენის შვილის და მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close