სპორტი

უეფამ გულშემატკივრების საქციელის გამო, მათ შორის, საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

უეფას ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა გულშემატკივრების საქციელის გამო.

„ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ [ალბანეთის] ფეხბურთის ფედერაცია 41 250 ევროთი დააჯარიმა ალბანელი გულშემატკივრების მიერ უკრაინა – ალბანეთისა (2024 წლის 7 სექტემბერი) და ალბანეთი – საქართველოს (2024 წლის 10 სექტემბერი) მატჩებში მომხდარი ინციდენტების გამო“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ამ თანხიდან ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12 500 ევროს – საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის. ამას გარდა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 18 000 ევროთი დაჯარიმდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ტირანაში გამართული შეხვედრის დროს გულშემატკივრების მიერ ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისასვლელი კიბის გადაკეტვისთვის.

საქართველო-ალბანეთის მატჩის დაწყებამდე თბილისში, მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი გულშემატკივარი ალბანეთის ჰიმნს ტაშით შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ ღირსეული ჟესტისთვის ქართველებს მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ალბანეთმა საქართველოში რევანშის აღება შეძლო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა.

„რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? ადრეც ვთქვი, რომ ჩვენ დაბალანსებულ ჯგუფში ვართ, სადაც ყველას შეუძლია მოგება. საქართველოს ნაკრები აქამდე ხუთმცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, დღეს კი სქემა შეცვალეს, თუმცა მიმაჩნია, რომ შეხვედრის ბედი არა ტაქტიკის შეცვლამ, არამედ მომენტის გამოყენებამ გადაწყვიტა.

რაც შეეხება ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაშს, ეს ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდით მათ“, – განაცხადა ალბანეთის ნაკრების ბრაზილიელმა მწვრთნელმა. 

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close