დღის თემასპორტი

საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა, თუმცა კვლავ აქვს შანსი, ჯგუფის ლიდერად დარჩეს

დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. სტუმრებმა რევანშის აღება შეძლეს და ზუსტად ისეთივე ანგარიშით მოიგეს თბილისში, რა ანგარიშითაც ტირანაში წააგეს – 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 48-ე წუთზე გაიტანა „ინტერის“ 22 წლის ნახევარმცველმა კრისტიან ასლანიმ.

ამ მოგების შემდეგ ალბანეთსაც 6 ქულა აქვს, ისევე როგორც საქართველოს და ჩეხეთს, უკრაინას კი – მხოლოდ 3 ქულა, იმ განსხვავებით, რომ ჩეხეთს და უკრაინას ჯერ 3 მატჩი აქვს ნათამაშები (ჩეხეთსა და უკრაინას შორის მეოთხე ტურის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება პოლონეთის ქალაქ ვროცლავში (ანუ უკრაინელები ამ შეხვედრაში პირობითად მასპინძლის სტატუსით გამოვლენ, ისევე როგორც საქართველოსთან მატჩის დროს – პოლონეთის ქალაქ პოზნანში). თუ უკრაინა შეძლებს მოგებას, მაშინ B ლიგის პირველი ჯგუფის 4-ვე გუნდს 6-6 ქულა ექნება და დიდი შანსია, რომ ბურთების სხვაობიდან გამომდინარე, საქართველო ისევ პირველ ადგილზე დარჩეს, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა გუნდი თანაბარ პოზიციაში აღმოჩნდება.

ახლა რაც შეეხება დღევანდელი მატჩის დეტალებს:

შეხვედრის დაწყებამდე, ტრადიციისამებრ, სტადიონზე საქართველოს და ალბანეთის ეროვნული ჰიმნები აჟღერდა. ქართველი გულშემატკივრები ალბანეთის ეროვნულ ჰიმნს ტაშით შეეგებნენ. შეგახსენებთ, რომ ტირანაში შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს ჰიმნის დროს ტრიბუნაზე სტვენა ისმოდა.

გოლის გატანის პირველი რეალური შანსი „ჯვაროსნებმა“ მე-5 წუთზე შექმნეს, თავის გამოჩენა შეეძლო ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა ვერ გაიტანა. კარგი შანსი ჰქონდათ ჟორჟ მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილსაც. ალბანეთის ნაკრებიც აქტიურობდა და რამდენჯერმე სახიფათო მომენტიც შექმნა ჩვენს კართან, თუმცა გიორგი მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე მეტოქემ ანგარიში გახსნა – 48-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ნედიმ ბაირამის წამოწყებული შეტევა კრისტიან ასლანმა კარში ზუსტი და ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა, რომლის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე უძლური აღმოჩნდა.

„ჯვაროსნებმა“ გაშვებული გოლის შემდეგ უფრო მონდომებით შეუტიეს. 70-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის შანსი ჰქონდა გიორგი მიქაუტაძეს, თუმცა ალბანელთა მეკარემ შეუცდომლად ითამაშა. რამდენჯერმე სცადა გატანა კვარაცხელიამ, თუმცა უშედეგოდ. მსაჯმა ძირითად დროს 5 წუთი დაუმატა, თუმცა მუდმივი შეტევებისა და აქტიურობის მიუხედავად მეტოქის კარი „მშრალად“ დარჩა და ალბანელებმა დამსახურებული (გულწრფელად ვთქვათ) გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრებს ძალიან დააკლდა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრა გამოტოვა. ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა ზურიკო დავითაშვილი, აგრეთვე, ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გიორგი მიქაუტაძესთან ერთად შეტევის დუეტში პირველად გამოჩნდა. უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სანიოლის ექსპერიმენტმა არ გაამართლა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო, მეხუთე ტურის შეხვედრას 16 ნოემბერს უკრაინასთან გამართავს ბათუმში, თამაში თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება; ხოლო მე-6 ტურში 19 ნოემბერს ჩეხეთს დაუპირისპირდება სტუმრად ოლომოუცში, „ანდრუვის“ სტადიონზე. ჩეხეთთან მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

„დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკას ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. იმედია, აქედან ბევრს ვისწავლით, თუმცა ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო.

წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლია, ჩვენ კი, ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე, სხვა ტაქტიკური ვარიანტი ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვცადოთ.

ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ, ამის გამო განსხვავებულ ტაქტიკასა და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ“, – განაცხადა სანიოლმა.

ნუცა ყაველაშვილი

p. s. უკრაინისa და ჩეხეთის შეხვედრა ფრედ დასრულდა და, შესაბამისად, ჩეხეთმა ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 7 ქულით. მეორე და მესამე ადგილზე 6-6 ქულით საქართველო და ალბანეთი არიან, უკრაინა კი, რომელმაც 4 შეხვედრაში 4 ქულა დააგროვა, ჯგუფის აუტსაიდერად რჩება.

სტატია განახლებულია 15 ოქტომბერს, 01:30 სთ-ზე, დამატებული აქვს პოსტ სკრიპტუმი და ცხრილი.  

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close