წაგება პოზნანში – საქართველომ უკრაინასთან შეხვედრა დათმო, თუმცა ისევ ჯგუფის ლიდერად რჩება
11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართა უეფას ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩი უკრაინისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სტუმრად სათამაშოდ ბოლო მატჩების უცვლელი შემადგენლობა დააყენა.
მატჩის დაწყებიდან მალევე ინციდენტი მოხდა – თამაში შეწყდა მოედნის განათებაში შექმნილი პრობლემის გამო. შეხვედრა 8 წუთის შემდეგ განახლდა.
პირველი გოლი 35-ე წუთზე უკრაინელებმა გაიტანეს – გიორგი ქოჩორაშვილის შეცდომის შემდეგ ბურთს მიხაილო მუდრიკი დაეუფლა და შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ უკრაინა დააწინაურა 1:0. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, როგორც აღმოჩნდა, არც მეორეში.
უკრაინელების გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა მეტოქის კართან, მაგრამ გოლით დაგვირგვინება ვერა და ვერ ხერხდებოდა. აღსანიშნავია მეტოქის მეკარის, ანატოლი ტრუბინის კარგი თამაშიც. უკრაინელები მაღალ პრესინგს თამაშობდნენ განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ და საქართველოს ნაკრებმა მიზეზთა გამო ვერ მოახერხა მისთვის ჩვეული გახსნილი და სანახაობრივი თამაში ეჩვენებინა ეფექტური გოლებით.
89-ე წუთზე საქართველომ გოლი მაინც გაიტანა – ზუსტი გამოდგა შეცვლაზე შემოსული ზურიკო დავითაშვილის დარტყმა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და, სამწუხაროდ, ბურთი არ ჩაითვალა.
უკრაინისთვის ერთა ლიგაზე ეს პირველი მოგებაა, ხოლო საქართველოსთვის – პირველი წაგება ჩეხეთთან 4:1 და ალბანეთთან 1:0 გამარჯვების შემდეგ.
საერთო ჯამში კი საქართველოს და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ამ მატჩამდე 9-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 3 შეხვედრა ფრედ ითამაშეს, 6 კი უკრაინელებმა მოიგეს. საქართველომ „ნავსი“ ამჯერადაც ვერ გატეხა და დამარცხდა. იმედი ვიქონიოთ, რომ „ჯვაროსნები“ განმეორებით მატჩში აიღებენ რევანშს.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთმა ალბანეთი დაამარცხა ანგარიშით 2:0. 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხეთის ნაკრებს (6) დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს (საქართველოს 5 გოლი აქვს გატანილი და 2 – მიღებული, ხოლო ჩეხეთს 6 – გატანილი, 6 – საკუთარ კარში მიღებული).
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის მეოთხე ტურში 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთს უმასპინძლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ წინა შეხვედრაში ტირანაში ალბანეთი დამარცხა – ერთადერთი, გამარჯვების გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა 71-ე წუთზე.
პირველ შეხვედრაში კი საქართველომ ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 4:1.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები