იტალიამიგრაცია

იტალია მომვლელებისთვის 2025 წელს დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს

იტალიის მთავრობა 2025 წელს დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხანდაზმულებსა და შშმ პირებს უვლიან. ამის შესახებ მთავრობამ ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს განაცხადა, როდესაც ახალი მიგრაციული წესების პაკეტი მიიღო.

ახალი წესების მიღებას საათნახევრიანი განხილვა უძღოდა წინ.

როგორც ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, „ამ ზომის ფილოსოფიაა რეგულარული მიგრაციის წახალისება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა“.

ეს განკარგულება, ისევე როგორც ყველა საკანონმდებლო დეკრეტი, ძალაში შევა Gazzetta ufficiale-ში გამოქვეყნების შემდეგ და კანონად იქცევა 60 დღის განმავლობაში ორივე პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ (თუმცა არსებობს კონფისკაციის შესაძლებლობაც).

იტალია, რომელიც მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის შემცირების პრობლემის წინაშე დგას, დიდი ხანია მომვლელების (იტ. ბადანტე) ნაკლებობას განიცდის. მომვლელებად, უმეტესად, იმიგრანტები, მათ შორის, არალეგალები მუშაობენ, რომლებსაც პერიოდულად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, მთავრობა ლეგალიზაციის შესაძლებლობას აძლევს (ე. წ. სანატორია).

2023 წელს იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2023-2025 წლებში იტალია 452 000 სამუშაო ვიზას გასცემს, ამას დაემატება „ექსპერიმენტული დამატებითი კვოტა“ მომვლელებისთვის – 10 000 სამუშაო ვიზა.

ახალი მიგრაციული წესების პაკეტი 18 მუხლისგან შედგება და, ერთი მხრივ, მთავრობა მიგრაციის ლეგალურ არხს აფართოებს, მეორე მხრივ კი, დამატებით შეზღუდვებს უწესებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იტალიაში ხმელთაშუა ზღვით მოხვედრის მსურველ არალეგალურ მიგრანტებს ეხმარებიან. კერძოდ, ახალი წესები ავალდებულებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საჰაერო ხომალდებს იყენებენ ზღვაში მიგრანტების ნავების აღმოსაჩენად, დაუყოვნებლივ აცნობონ იტალიის ხელისუფლებას მათი გადაადგილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციებს ჯარიმები ემუქრებათ.

ახალ განკარგულებას შემოაქვს უფრო მკაცრი ზომები მიგრანტებისთვის ვიზების გაცემის სისტემაში თაღლითობისთვის მას შემდეგ, რაც ჯორჯა მელონიმ დაგმო სისტემაში შეღწევის და თაღლითურად გამოყენების ფაქტი დანაშაულებრივი დაჯგუფებების, მათ შორის, მაფიის მიერ.

მთავრობის განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ 2025 წელს უფრო მკაცრად შემოწმდება განაცხადები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც თაღლითობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ მყოფად მიიჩნევა, კერძოდ, ესენია: ბანგლადეში, პაკისტანი და შრი-ლანკა.

მინისტრთა საბჭოს მდივნის, ალფრედო მანტოვანოს თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებში ალბანეთში ფუნქციონირებას დაიწყებს მიგრანტების განთავსების ორი ცენტრიდან პირველი, რაზეც იტალიამ და ალბანეთმა შეთანხმება 2023 წელს გააფორმეს. ამ ცენტრებში არალეგალური მიგრანტები მათთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩებიან. ამას გარდა, თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 14-იდან 7 დღემდე მცირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close