ვიდეოპოლიტიკაქართველები უცხოეთში

„გულში აქვს ტყვია მოხვედრილი“ – როგორ ემსხვერპლა ილია ნოზაძე თელ-ავივის ტერაქტს

ისრაელში პირველ ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას42 წლის ილია ნოზაძე ემსხვერპლა. თავდასხმა, რომელსაც ისრაელის პოლიციამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, ძველ ქალაქ იაფაში (თელ-ავივთან გაერთიანებული ტერიტორია), საღამოს, საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

The Times of Israel-ის ცნობით, რომელიც ისრაელის პოლიციას ეყრდნობა, დადგენილია ორივე თავდამსხმელის ვინაობა – 19 წლის მოჰამედ მესეკი და 25 წლის ახმედ ჰიმოუნი. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ისინი პალესტინის მოქალაქეები არიან და ისრაელში ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ.

რა მოხდა იერუსალიმის ქუჩაზე?

თავდასხმა თელ-ავივის რკინიგზაზე, იერუსალიმის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს მატარებლის ვაგონში და გაჩერებაზე მყოფ მოქალაქეებს.

როგორც ისრაელის პოლიცია აცხადებს, ერთი თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა, მეორე კი – შეიარაღებულმა მოქალაქემ.

თავდასხმისას დაიღუპა 7 და დაიჭრა 12 მოქალაქე, მათ შორის, ბავშვი.

სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრებიც.

ერთ-ერთ ასეთ ვიდეოს X-ზე აქვეყნებს The Times of Israel-ის სამხედრო კორესპონდენტი ემანუელ ფაბიანი.

როგორ აღმოჩნდა ილია თავდასხმის ადგილას?

პირველ ოქტომბერს, თავდასხმის დროს ილია ნოზაძე სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. იგი მატარებლის ვაგონში მეგობართან ერთად იჯდა. მის გაჩერებამდე ხუთი წუთის სავალი გზა იყო დარჩენილი.

„თავდასხმა იერუსალიმის ქუჩაზე მოხდა, ჩვენ იქვე, ძალიან ახლოს, როჩილდის ქუჩაზე ვცხოვრობთ“, – გვიყვება დალი ნოზაძე, ილიას მამიდა, რომელიც მასთან ერთად, ხუთი წელია თელ-ავივში ცხოვრობს.

ქალაქში საჰაერო განგაში რომ ჩაირთო, ძმისშვილთან რეკვა დაიწყო:

„ზოგადად, როცა სირენები ირთვებოდა, ერთმანეთს ვურეკავდით ხოლმე, ვამოწმებდით, ხომ კარგად ვიყავით. გუშინაც, განგაშის ხმა რომ გავიდე, დავურეკე, მაგრამ მისი ტელეფონი არ იჭერდა. ვიფიქრე, ალბათ თავშესაფარში ჩავიდა-მეთქი. ცოტა ხნის მერე კიდევ რომ დავრეკე, ზარი გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა. მალევე დამირეკა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ილიას ვეძებთ, ხომ არ გამოჩენილაო. მაშინვე ავფორიაქდი, ვიფიქრე, შესაძლოა, სადმე რაიმე ბომბი ჩამოვარდა, ან ნატეხი დაეცა, ან ავარიაში მოყვა-მეთქი. მოგვიანებით შეგვატყობინეს, რაც მოხდა“…

დალი ნოზაძეს ილიას მეგობარმა უამბო თავდასხმის დეტალები:

„ისიც ქართველია, ერთად მუშაობდნენ. როგორც მითხრა, მათ ვაგონში ყოფილან თავდამსხმელები. დავინახეთ, როგორ ჩავიდნენ ვაგონიდან, მაგრამ რას ვიფიქრებდით, რომ გაჩერებაზე ჩასულები, შემობრუნდებოდნენ და ცეცხლს გაგვიხსნიდნენო.

როგორც ჩანს, ილია ფანჯარასთან იჯდა. პირდაპირ გულში აქვს ტყვია მოხვედრილი. სროლა და პანიკა რომ ატყდა, მეგობარს მაშინვე დაუწყია ილიას ძებნა. მაისურით ამოვიცანიო. როგორც ამ ბიჭმა მითხრა, სასწრაფოს მანქანაში რომ შეჰყავდათ, ჯერ კიდევ სუნთქავდა. ექიმის თქმით, ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი, რომელმაც ზურგში გაიარა, უკან დატრიალდა და ისევ სხეულში შევიდა“.

ვინ იყო ილია ნოზაძე?

გააგრძელე კითხვა აქ: www.radiotavisupleba.ge

ინფორმაცია nostal.ge-სგან:

პალესტინელი ტერორისტების თავდასხმისას მოკლულ 7 ადამიანს შორის ქართველის გარდა (რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა 3-ჯერ ესროლეს) ახალგაზრდა ბერძენიც იყო – იონას კარუსისი. წარმოშობით თესალონიკელ 26 წლის იონას კარუსისს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და იერუსალიმში ცხოვრობდა.  იონასი იერუსალიმში ცნობილი ექიმის, ნევროლოგის, დმიტრის კარუსისის ვაჟი იყო. დმიტრის კარუსისი 1988 წელს წავიდა თესალონიკიდან ისრაელში საცხოვრებლად.

იონას კარუსისი

ერთ-ერთი ტერორისტი თელ-ავივის მახლობლად, იაფაში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს ისრაელის თავდაცვის არმიის რეზერვისტმა მოკლა, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალ Nova-ს დროს „ჰამასის“ ბოევიკების თავდასხმისას დაჭრილი ადამიანების გადარჩენაში მონაწილეობდა.

ლევ კრაიტმანმა ადგილობრივ საიტს Ynet-ს უამბო, რომ სანამ თავდასხმა მოხდებოდა, იგი სახლში დბრუნდა შაშხანისთვის და ადგილობრივ რესტორანში იმყოფებოდა, როდესაც სროლის ხმები გაიგონა. მან იარაღი აიღო და მაშინვე ქუჩაში გავიდა, რადგან იმწუთას მიხვდა, რომ ტერაქტი ხდებოდა.

თელ-ავივში, იაფაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ტერაქტი 5 წუთით ადრე მოხდა, სანამ ირანი ისრაელზე მძლავრ სარაკეტო იერიშს მიიტანდა. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით, Jerusalem Post-ის მონაცემებით, სულ ცოტა, 500 რაკეტა გაუშვა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 2 ოქტომბერს „ჰეზბოლამ“ 240-ზე მეტი რაკეტა გაუშვა ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close