პოლიტიკაქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს რამდენ მოქალაქეს შეუძლია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა? – საგარეო უწყების განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხოვნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ინფორმაციით, არასწორია ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რიცხოვნობის შესახებ. სამწუხაროდ, ცალკეული პირები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, თითქოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

საკონსულო მომსახურების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: აღნიშნული ვებგვერდი ამოქმედდა 2015 წელს. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, რომლებმაც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.

შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ცესკოს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები.

სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცედურების და წესების შესახებ მოსახლეობის ობიექტური ინფორმირების ნაცვლად ცალკეული პირები განაგრძობენ ამ თემით მანიპულირებას და შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი თანამემამულეები, რის შესახებაც საგარეო უწყება დამატებით განცხადებას გააკეთებს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში გაიხსნება. მათ შორის, ისეთ ქვეყნებშიც, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ან ზოგადადა არცერთ არჩევნებზე საარჩევნო უბნები გახსნილი არ ყოფილა, როგორიცაა: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close