ისტორიაიტალიაკულტურა

ქალაქი იტალიაში ღრუბლებს მიღმა, რომელიც „კლდიდან ვარდება“

Civita di Bagnoregio იტალიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ქალაქია, რომელიც 2500 წლის წინათ ძველი იტალიის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანმა ტომმა, ეტრუსკებმა რბილი თიხის პლატოზე გააშენეს. ამ ქალაქში დაიბადა წმინდა ბონავენტურა (1221-1274). სამწუხაროდ, ბუნებისა და არქიტექტურის ეს ჰარმონია საგანგაშო სისწრაფით იშლება. 

Civita di Bagnoregio ცენტრალურ იტალიაში, ვიტერბოს პროვინციაში, ბოლსენის ტბის მახლობლად მდებარეობს და მას მეტსახელად La città che muore-ს – მომაკვდავ ქალაქს უწოდებენ. საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივმა კატაკლიზმებმა და კლიმატის ცვალებადობამ გრუნტის ეროზია გამოიწვია. 1695 წელს ძლიერი მიწისძვრის გამო ადგილობრივი მოსახლეობა, მუნიციპალური ხელისუფლება და ეპისკოპოსი იძულებულები იყვნენ, ბანიორეჯოში გადასულიყვნენ. მიწისძვრამ კლდის ეროზიული პროცესები დააჩქარა. მყიფე კლდე, რომელზეც ქალაქია გაშენებული, იშლება და თან მიაქვს ქალაქის ისტორიული ნაწილები. რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალაქი კლდიდან ვარდება.

წლების განმავლობაში ჩივიტას ძირძველი მოსახლეობა თანდათან საცხოვრებლად დაბლობზე მდებარე ბანიორეჯოს დასახლებაში გადავიდა და ერთ დროს დასახლება, რომელშიც ცხოვრება ჩქეფდა, პრაქტიკულად, მოჩვენებათა ქალაქად იქცა. დღეისათვის ჩივიტას მუდმივი მოსახლეობა ზამთარში დაახლოებით 7 ადამიანია, ზაფხულში კი – 100-მდე, რომლებიც „მომაკვდავ ქალაქზე“ ზრუნვას განაგრძობენ.

ჩამოშლილია ე. წ. სახედრის ბილიკი, რომელიც ოდესღაც დასახლებაში მიდიოდა და ახლა იქ მისასვლელი ერთადერთი გზა თანამედროვე საფეხმავლო ხიდია.

Civita di Bagnoregio-ს ხიბლი მისი ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ ქუჩები, თვალწარმტაცი ქვის შენობები და  ფანტასტიკური პეიზაჟია. გლობალიზაციის ეპოქას მოწყვეტილმა ქალაქმა შეინარჩუნა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური ატმოსფერო, სადაც დრო თითქოს გაჩერდა.

ეს იდუმალება ბევრ ტურისტს იზიდავს. ვიზიტორებს ემსახურება რამდენიმე პატარა რესტორანი და კაფე, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი, რა თქმა უნდა, ისტორიული შენობები და მოქმედი ეკლესიაა, რომლებმაც პირვანდელი სახე შეინარჩუნა.

გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ქალაქი მექორწილეებსაც იზიდავს. ერთგვარ მოდადაც კი იქცა ამ სიძველეებისა და თვალწარმტაცი ხედების ფონზე ნეფე-პატარძლის ფოტოსესია.

დღეს ქალაქი გადარჩენისთვის იბრძვის. მისი მონახულება 5 ევრო ღირს, რომელიც ქალაქის საჭიროებებს ხმარდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close