9 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ბერლინი სასაზღვრო კონტროლს გერმანიის ყველა საზღვარზე აღადგენს. ეს გადაწყვეტილება 16 სექტემბრიდან შევა ძალაში.
აქამდე გერმანიას ოთხ სასაზღვრო პუნქტზე ჰქონდა დაწესებული მკაცრი კონტროლი, ახლა კი ეს ცხრავე პუნქტზე გავრცელდება, კერძოდ, საფრანგეთის, ავსტრიის, პოლონეთის, ჰოლანდიის, ლუქსემბურგის, ბელგიის, ჩეხეთის, დანიისა და შვეიცარიის სახმელეთო საზღვრებზე. მიზანი მიგრანტთა შემცირებაა.
საზღვრებზე კონტროლი ნახევარი წლის განმავლობაში იმოქმედებს. განთავსდება მობილური და სტაციონარული საპოლიციო საგუშაგოები. ზომა ითვალისწინებს უარს ქვეყანაში შესვლაზე.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
„სანამ ევროკავშირი თავშესაფრის მაძიებელთათვის და საზღვრების დასაცავად ახალ სისტემას შექმნის, ჩვენ გვესაჭიროება მკაცრი კონტროლი სახელმწიფო საზღვრებზე, ეს მიგრანტების უკან გაბრუნებაში დაგვეხმარება“, – განმარტავს ნენსი ფეზერი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ გერმანიის გადაწყვეტილება ყველა სახმელეთო საზღვარზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“.
„ჩვენ თხოვნით მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რომლებზეც გავლენას მოახდენს ბერლინის ეს გადაწყვეტილებები, რომ სასწრაფოდ გაიმართოს გერმანიის სახელმწიფოს ყველა მეზობელთან კონსულტაციები ამ საკითხზე ევროკავშირის საპასუხო ქმედებების თაობაზე“, – აღნიშნა ტუსკმა.
ჩვეულებრივ, შენგენის ზონის წვერებისთვის ქვეყნებს შორის მოგზაურობა შეუზღუდავია და დამატებით დოკუმენტებს არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, მთავრობებს აქვთ უფლება, შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვარზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი შემოიღონ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები