ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა – რა სიახლეებია არჩევნებზე?
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, 3030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2-დან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18.00 საათამდე. ასევე, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მიღებული ხმების წილის პროპორციულ მანდატებს მიიღებენ. ამასთან, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ამომრჩეველი ამჯერადაც 150 დეპუტატს აირჩევს.
დღემდე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ტარდებოდა: პარლამენტარების ნაწილს პროპორციული წესით ვირჩევდით, ნაწილს კი – მაჟორიტარული წესით.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში პოლიტიკურ პარტიებს ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები აღარ ეყოლებათ და ამომრჩეველი ხმას მხოლოდ პარტიულ სიებს მისცემს, სადაც ყველა პოლიტიკოსს თავისი რიგითი ნომერი ექნება.
მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გაირკვევა, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დააჯამებს იმ პარტიების ხმებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს და მიღებული ხმების წილის პროპორციულად გაუნაწილებს მათ საპარლამენტო მანდატებს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად: „პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს“.
შეგახსენებთ, რომ ცესკომ არჩევნებში მონაწილეობისთვის 27 საარჩევნო სუბიექტი დაარეგისტრირა. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღეს, ცესკოს თავმჯდომარეს 26 სექტემბრამდე (არჩევნების დღემდე – 26 ოქტომბრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა) უნდა წარუდგინონ პარტიული სიები. თითოეულ პარტიას მხოლოდ ერთი პარტიული სიის წარდგენის უფლება აქვს, რომელშიც პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე ადამიანის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.
პარტიული სიების წარდგენის შემდეგ დაიწყება წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესი.
როგორც ცნობილია, საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის წლევანდელი და ყველა შემდგომი არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
რას გულისხმობს რეგორმა: 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, რაც ხმის მიცემის პროცედურას და ხმების დათვლას დააჩქარებს და გაამარტივებს, აგრეთვე, ხმების დათვლის პროცესში შეცდომების დაშვების ალბათობასაც შეამცირებს.
ცესკომ საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ მოსახლეობის ფართო მასების საინფორმაციო კამპანია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.
ამავე თემაზე: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები ცნობილია
კომენტარები