52 წლის ქართველმა ქალმა ბოსფორი გადაცურა
52 წლის თამილა შარუხია პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ბოსფორი გადაცურა, ნათქვამია თურქეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. თამილა შარუხია ბოსფორის სრუტის გადაცურვის საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობდა.
Intercontinental Bosphorus Swim არის ევროპასა და აზიას შორის ღია წყალში ცურვის შეჯიბრი, რომელიც 1989 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს შეჯიბრება – 36th Samsung Bosphorus Cross-Continental Swimming Race – 25 აგვისტოს გაიმართა და მასში 2836-მა ადამიანმა (1967 კაცი და 869 ქალი) მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 80-მდე ქვეყნიდან.
შეჯიბრების მონაწილეები თურქეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წინასწარ შეარჩია მკაცრი კრიტერიუმებით – მსურველებმა, ასე ვთქვათ, საკვალიფიკაციო ეტაპი შეჯიბრებამდე 2 კვირით ადრე აუზში გაიარეს და მონაწილეობის უფლება მიიღეს მხოლოდ მათ, ვისი ცურვის დროის და სტილის მონაცემებმა მოთხოვნები დააკმაყოფილა. მათ შორის იყო თამილა შარუხიაც.
ქართველმა მოცურავემ საკონტინენტთაშორისო შეჯიბრების დისტანცია წარმატებით დაძლია – ბოსფორის სრუტის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი ანატოლიის მხარეს მდებარე კანლიჩის (Kanlıca) სანაპიროდან კურუჩეშმეს (Kuruçeşme) სანაპირომდე ევროპულ ნაწილში 1 საათსა და 22 წუთში დაფარა.
ცნობისათვის: საერთო ჯამში პირველი ადგილი ქალთა შორის დაიკავა ტალია ერდოღანმა (46 წთ და 57 წამი), კაცთა შორის კი – ატაკან ერკანმა (45 წუთი და 27 წამი).
თამილა შარუხია მოყვარული სპორტსმენია, იგი არის მძლეოსანი, მოცურავე და ველომრბოლელი. ბავშვობიდან უყვარდა სპორტი, მაგრამ ისე მოხდა, რომ რეგულარული ვარჯიში მხოლოდ 44 წლის ასაკში დაიწყო, მორბენალი გახდა და მოყვარული სპორტსმენების თითქმის ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მონაწილეობს; არის მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულიც.
იგი ამბობს, რომ უნდა მაგალითი გახდეს ბევრი ქართველი ქალისთვის და 40+ ქალბატონები სპორტით დააინტერესოს.
თამილა შარუხია 25 წლის ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე პროფესიით მეზღვაურია. ჰყავთ ორი ქალიშვილი – ანასტასია და ალექსანდრა. ამბობს, რომ გაუმართლა, ოჯახი ყოველთვის გვერდში უდგას და ამხნევებს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები