ვიდეოიტალიასაზოგადოება

ვინ იყვნენ £30-მილიონიანი ჩაძირული სუპერიახტის მგზავრები – სიცილიის სანაპიროსთან გრძელდება სამაშველო ოპერაცია (ვიდეო)

სიცილიის სანაპიროსთან მოულოდნელი ძლიერი შტორმის შემდეგ 56-მეტრიანი იახტა Bayesian-ის ჩაძირვის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში წარიმართა. 

ორშაბათს, 19 აგვისტოს, 30 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების სუპერიახტა Bayesian-ი, რომელიც ბრიტანეთის დროშის ქვეშ ცურავდა  და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს იალქნებიან იახტად ითვლებოდა, პალერმოს რაიონში, პორტიჩელოს მახლობლად, ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე ჩაიძირა. ინფორმაცია იტალიურმა სააგენტომ – ANSA-მ გაავრცელა.

ტრაგედიის მიზეზი უცებ გაძლიერებული ქარიშხალი გახდა, რომელმაც Bayesian-ი პორტიჩელოს პორტთან ღუზაზე მდგარ გემს მიაჯახა.

გავრცელდა სუპერიახტა Bayesian-ის ქარიშხალთან ბოლო გაბრძოლების კადრები.

იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, იახტაზე 22 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 10 წევრი და 12 მგზავრი, მათ შორის, იახტის მფლობელი. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ერთ-ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება. გადაარჩინეს 15 ადამიანი, მათ შორის ერთი წლის გოგონა. გადარჩენილები პალერმოს საავადმყოფოში იმყოფებიან. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ფსიქოლოგთა ჯგუფი დახმარებას უწევს, აზუსტებს The Guardian-ი. დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ვინ იყვნენ Bayesian-ის მგზავრები?

იტალიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ მგზავრებს შორის იყვნენ ბრიტანეთის, აშშ-ს და კანადის მოქალაქეები. ANSA-ს ცნობით, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ახალი ზელანდიის, შრი-ლანკისა და ირლანდიის მოქალაქეები.

ჯერჯერობით ოფიციალურად გარდაცვლილად მხოლოდ კანადელი რეკალდო ტომასი ითვლება, რომელიც შეფმზარეული იყო. ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ CBC-ს დაუდასტურა.

დაკარგულებს შორის არიან 59 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, რომელსაც „ბრიტანელ ბილ გეითსს“ უწოდებენ და მისი 18 წლის ქალიშვილი ჰანა.

Bayesian-ი ლინჩს ეკუთვნოდა, ამ საბედისწერო კრუიზით ის ოჯახთან და კომპანიონებთან ერთად ბორტზე შეერთებულ შტატებში მრავალწლიანი სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულებას აღნიშნავდა.

იახტა აშენდა Viareggio-ში (იტალია) გემთმშენებელ ქარხანაში და მფლობელს 2008 წელს გადაეცა, ბოლოს კი 2020 წელს გარემონტდა. გემი დაკომპლექტებული იყო უახლესი სამაშველო აღჭურვილობით და მაღალი სტანდარტის რადიოკავშირით.

მაშველები აგრძელებენ Morgan Stanley International-ის თავმჯდომარის ჯონათან ბლუმერის, ადვოკატის კრის მორვილოს და მათი ცოლების ძებნას. მორვილო ლინჩსის ინტერესებს იცავდა ამერიკულ სასამართლოში და ბლუმერი კი სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით მონაწილეობდა.

უჩვეულო დამთხვევაა, რომ ლინჩის კიდევ ერთი პარტნიორი, მისი კომპანიის ყოფილი ყოფილი ტოპ მენეჯერი სტივენ ჩემბერლენი, რომელიც ასევე იყო ამ საქმეში ბრალდებული, გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ამ შემთხვევის შესახებ Reuters წერდა.

იმ ფაქტმა, რომ  რომ ჩემბერლენის ავტოკატასტროფაში დაღუპვიდან სულ რამდენიმე დღეში ჩაიძირა იახტა, რომელზეც მაიკ ლინჩი იმყოფებოდა, უამრავი მითქმა-მოთქმა და შეთქმულების თეორიები წარმოშვა.

ლინჩის 57 წლის ცოლი გადაარჩინეს. გადარჩენილ მგზავრებს შორის ასევე არიან ბრიტანელი შარლოტა გოლუნსკი, მისი ერთი წლის ქალიშვილი სოფია და ქმარი ჯეიმს ემსლი. გოლუნსკი 2012 წლიდან მუშაობდა ლინჩის კომპანიაში.

Sky News-მა დაასახელა კიდევ ორი ​​გადარჩენილი – ეკიპაჟის წევრები ლეა რენდალი და კატია ჩიკენი სამხრეთ აფრიკიდან.

რა ხდება ახლა იახტის ჩაძირვის ადგილზე?

ცნობილია, რომ ჩაძირული იახტა აღმოჩენილია დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე, ნაპირიდან 800 მეტრში. მყვინთავების თქმით, ის „ფაქტობრივად დაუზიანებელია“ და მისი ერთ-ერთი გვერდი ზღვის ფსკერს ეყრდნობოდა.

იტალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დაკარგულები, შესაძლოა, იახტის კაიუტებში არიან ჩარჩენილები, რადგან შტორმის შედეგად, იახტა ძალიან სწრაფად ჩაიძირა, რის გამოც, სავარაუდოდ, მათ იახტის დატოვება ვერ შეძლეს.

იტალიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, მყვინთავების იახტის კაიუტებში შეღწევას ავეჯი აფერხებს, რომელიც იახტის შესასვლელებს ბლოკავდა. მყვინთავები შესვლის ალტერნატიულ გზებს ეძებენ, მათ შორის, ცდილობენ ფანჯრიდან შეაღწიონ.

მყვინთავებს წყალქვეშ ყოფნის 12-წუთიანი შეზღუდვა აქვთ დაწესებული. ჩაყვინთვა-ამოყვინთვის დროის გათვალისწინებით, მათ ყოველი ჩაყვინთვის დროს მხოლოდ 10 წუთი რჩებათ იმისთვის, რომ ჩაძირული გემის ბორტი დაათვალიერონ.

მანანა ბანძელაძე

p. s. ოთხშაბათს დღის ბოლოსთვის ნაპოვნია 6-ვე დკარგულის ცხედარი, ამრიგად, 22 ადამიანიდან, რომლებიც სუპერიახტაზე იმყოფებოდნენ, 15 გადარჩა, მათ შორის, მისი ახალზელანდიელი გამოცდილი კაპიტანი, 51 წლის ჯეიმს კატფილდი მეუღლესთან ერთად. იგი უკვე დაკითხეს სამართალდამცველებმა.

გამოძიების მთავარ მოწმეს მოუწია პროკურორებთან არა მხოლოდ გემის დაღუპვის საშინელი მომენტების რეკონსტრუქცია, არამედ იმის ახსნაც, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ უახლესი ტექნოლოგიური სისტემებით აღჭურვილი და პრაქტიკულად ჩაუძირავად მიჩნეული იახტა ორ წუთში ჩაიძირა.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close