ვიდეომსოფლიოტექნოლოგიები

ნახეთ, როგორ ადის დედამიწის „ამოსუნთქული“ მავნე აირები ცაში – NASA-ს ახალი ვიდეო

ამერიკის საჰაერო კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ  სუნთქავს დედამიწა CO2-ით. მთავარი, რასაც ვიდეოდან ვიგებთ, ისაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მომდინარეობს ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის შედეგად ჰაერში გაფრქვეული მავნე აირები, მათ შორის, ნახშირორჟანგიც (CO2), რადგან ეს დაბინძურებული ნაკადები მოძრავია და მთელ პლანეტას ედება.

ცნობისათვის, ნახშირორჟანგის ის რაოდენობა, რაც დღეს ადამიანის საქმიანობის შედეგად არის გაფრქვეული ატმოსფეროში, ბოლოს 14 მილიონი წლის წინ იყო – იქამდე, ვიდრე ანტარქტიდა და გრენლანდია ყინულით დაიფარებოდა და მსოფლიოს ფლორა და ფაუნა სრულიად სხვანაირი იყო: მაგალითად, დედამიწაზე ჯერ კიდევ ბინადრობდნენ უზარმაზარი მწერები. ამის შესახებ საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში.

NASA-ს სამეცნიერო ვიზუალიზაციის სტუდიის ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ გადააქვს ქარსა და ჰაერის ნაკადებს გამოყოფილი CO2 დედამიწის ატმოსფეროს გარშემო 2020 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში. ვიდეო მაღალი რეზოლუციისაა და აჩვენებს ნახშირორჟანგის ცალკეულ წყაროსაც, მათ შორის, ელექტროსადგურებს და ტყის ხანძრებს.

შეამჩნევთ, რომ ვიდეოგამოსახულება ციმციმებს. ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც წესი, ტყის ხანძრები, ძირითადად, დღისით მძვინვარებს, ღამით კი იკლებს. ასევე, მცენარეებშიც დღის სინათლეზე მიმდინარეობს ფოტოსინთეზი, რა დროსაც ნახშირორჟანგი შთაინთქმება და ჟანგბადი წარმოიქმნება. ნახშირბადი ხმელეთის მასებსა და ოკეანეებში შთაინთქმება.

ვიზუალიზაცია ეფუძნება NASA-ს გოდარდის დედამიწაზე დაკვირვების სისტემა GEOS-ის მონაცემებს. ეს არის ინტეგრირებული სისტემა დედამიწის ატმოსფეროს, ოკეანისა და ხმელეთის სისტემების მოდელირებისთვის. ვიდეო სუპერკომპიუტერების დახმარებითაა შექმნილი და NASA მას  ამინდის ანალიზის მაღალი რეზოლუციის მოდელს უწოდებს.

თუ დაგაინტერესათ ამ თემამ, დამატებითი მასალები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სამეცნიერო ვიზუალიზაციის სტუდიის ვებგვერდიდან.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close