„ღვთის დრამა“ ირმა ქვლივიძის ცხოვრებაში – ქართველი ხატმწერი უცხოეთში
ირმა ქვლივიძე 25 წელი საბერძნეთში ცხოვრობდა, სადაც საყვარელ საქმეს აკეთებდა. ქართველი ხატმწერი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს საქმიანობას და, როგორც თავად ამბობს, იცის, რომ კარიერული თვალსაზრისით იქ ბევრად მეტად გაიზრდება.
საბერძნეთში ყოფნის პერიოდში, დაახლოებით 15 წლის განმავლობაში, ირმა ქვლივიძე ხატებს წერდა და ტაძრების მოხატვით იყო დაკავებული. მოხატული აქვს 11 ტაძარი, უმრავლესობა – საბერძნეთში, ერთი – იტალიაში და ერთიც – შვეიცარიაში. 15 წლის შემდეგ კი გადაწყვიტა, თავისუფალ მხატვრობას დაბრუნებოდა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუ რატომ – ამაზე ქალბატონი ირმას ინტერვიუდან შეიტყობთ სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად. Nostal.ge ხელოვანს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუკავშირდა.
ქალბატონო ირმა, როდესაც თქვენი საქმიანობის შესახებ გავიგე და ნამუშევრების მცირე ნაწილი ვნახე, აღფრთოვანება ვერ დავმალე – ულამაზესი, საოცრად ფაქიზი ნამუშევრები გაქვთ. საინტერესოა, როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრება, უცხოეთში რაიმე კონკრეტული მიზნით გაემგზავრეთ, რაც ხატვას უკავშირდებოდა?
საბერძნეთში თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მოვხვდი, როგორც ტურისტი. მოგზაურობისას შევიტყვე, რომ იქ ტაძრები იხატებოდა და ამან ძალიან დამაინტერესა, რადგან იმ პერიოდში საქართველოში გოგონებს მარტო ხატებს გვახატვინებდნენ და არა ტაძრებს, საბერძნეთში კი მნიშვნელობა არ ჰქონდა ტაძარს კაცი მოხატავდა თუ ქალი. რადგან ჩემი სპეციალობა რესტავრაცია და ხატწერაა, მივხვდი, რომ დიდი შანსი მქონდა, იქ ჩემი საქმე მეკეთებინა და დარჩენა გადავწყვიტე. დავხატე ერთი ხატი და საეკლესიო მაღაზიებში დავდიოდი. მეთერთმეტე დღეს ვიპოვე სამუშაო ხატმწერის თანაშემწედ თესალონიკის კათედრალურ ტაძარში. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება და მოღვაწეობა საბერძნეთში.
მოღვაწეობა, ფაქტობრივად, როგორც ხატმწერის…
დიახ, თუმცა, როგორც ხატმწერს, რა თქმა უნდა, ჯერ ბევრი რამ მქონდა სასწავლი.
თესალონიკის კათედრალურ ტაძარში მოგვიანებით გავიცანი მონაზვნები და შემდეგ უკვე მათ გავყევი დედათა მონასტერში, სადაც 6 თვე გავატარე. გავიცანი არაერთი ცნობილი ხატმწერი, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა ეკლესია-მონასტერს ვხატავდი, როგორც დამხმარე. დედათა მონასტერში გავიცანი ცნობილი ბერძენი ხატმწერ ვლასი ცოცონი, რომელსაც თვით მოძღვრის სასუფეველი აქვს მოხატული იერუსალიმში, დიდი მოზაიკა გაკეთებული. მე და ერთმა მონაზონმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთანაც ვიმუშავეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ. ცოცონის გავლენით შემიყვარდა მაკედონიური სკოლა, რომელიც განსხვავებულ ფერთა გამას გამოიყენებს. ფერები უფრო ნათელია და შესრულებაც უფრო ფერწერულია, ვიდრე სხვა მიმართულებები. ამის შემდეგ, 15 წლის განმავლობაში, პირადად მოვხატე ორი ტაძარი და მონაწილეობა მივიღე კიდევ 9 ეკლესია-მონასტრის მოხატვაში, ძირითადად, საბერძნეთში, აგრეთვე, იტალიასა და შვეიცარიაში. ჩემი დაწერილი ხატები კი იმდენ ქვეყანაშია, ჩამოთვლა გამიჭირდება. საქართველოშიც მაქვს გამოგზავნილი, ძირითადად, საჩუქრების სახით, მათ შორის, საპატრიარქოშიც.
საბერძნეთში ცხოვრების დაახლოებით 15 წლის განმავლობაში მხოლოდ ხატწერით ვიყავი დაკავებული, შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ თავისუფალ მხატვრობას დავბრუნებოდი. ძალიან ძნელი აღმოჩნდა, ხელი თავისით ხატს წერდა… მაგრამ ბევრი მუშაობის და მცდელობის შემდეგ შევძელი და ისევ ფერწერას დავუბრუნდი.
პირადად რომელი ორი ტაძარი მოხატეთ და სად?
ორივე საბერძნეთში მოვხატე – ნეა მარკის წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი და, ასევე, წმინდა მარკოზის ეკლესია სანტორინში.
ვინ ან რამ ითამაშა ყველაზე დიდი როლი თქვენს ხატმწერად ჩამოყალიბებაში?
პედაგოგები ბევრი მყავდა და ყველამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, მაგრამ ის, რამაც მომცა ყველაზე დიდი სტიმული, რომ ეს რთული საქმე მეკეთებინა, იყო ფრაზა – „ღვთის დრამა“. მოგეხსენებათ, ჩემი თაობა კომუნიზმის ეპოქაში იზრდებოდა და ალბათ 10 წლის ვიყავი, მამამ რომ მიამბო ღვთის დრამაზე. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ჩემზე და მუდამ თან მდევდა.
მამაც მხატვარი ხომ არ იყო, მემკვიდრეობითი ხომ არაა თქვენი ნიჭი?
არა, მემკვიდრეობითი არაა, ოჯახში მხატვარი არავინ ყოფილა. მამაჩემი, ტელმან ქვლივიძე ბიზნესმენი იყო, დედა, მაგული ნიკოლეიშვილი – ფილოლოგი, მაგრამ ორივე გემოვნებიანი და ესთეტიკური ადამიანი იყო.
კიდევ უფრო საინტერესოა, როდის შეამჩნიეთ, რომ მხატვრობა თქვენი გზა იყო?
ხატვა რომ დავიწყე, საშუალო სკოლის ბოლო კლასში ვიყავი. თანაკლასელმა ზეთის საღებავები და მოლბერტი მომიტანა. კვირა დილით რომ დავიწყე ხატვა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე ღამე იყო – თორმეტმა საათმა ისე გაირბინა, როგორც თორმეტმა წუთმა. მხატვარი ალბათ იმიტომ ხდება ადამიანი, რომ სილამაზე უყვარს. ზოგადად, ყველას უყვარს, მაგრამ მხატვარს ცოტა უფრო მეტად. მემარცხენე ინტელექტუალები კი თვლიან, რომ სილამაზე ბურჟუაზიის მოგონილი კონსტრუქტია და ბევრი პოსტმოდერნისტი ცვლის ესთეტიკას ანტიესთეტიკაზე, ინტუიციას კი – წმინდა ინტელექტუალურ იდეაზე, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყველაფრის ფუძე სილამაზეა, სიმეტრია და ჰარმონია, როგორც ადამიანის გონების ძირითადი მოთხოვნილება – სტრუქტურიზაცია.
და ეს სილამაზე, სიმეტრია და ჰარმონია თვალსაჩინოა თქვენს ნამუშევრებში…
დიდი მადლობა!
ტილოსთან რა ძალას მიჰყავხართ?
მხატვარი ტილოსთან ალბათ იმიტომ მიდის, რომ მილიონი კითხვა აქვს ამ სამყაროზე და არ იცის, სხვანაირად როგორ გამოიკვლიოს.
გისმენთ და ვფიქრობ, თავად როგორ დაახასიათებდით საკუთარ შემოქმედებას – რა არის ის სახასიათო დეტალი, რაც თქვენს ნამუშევრებს აერთიანებს?
ძირითადი, რაც ჩემს შემოქმედებას აერთიანებს, ეს არის ანთროპოცენტრიზმი. ადამიანებსა და მათ საქმიანობაზე მაქვს ძირითადი ყურადღება მიპყრობილი როგორც რელიგიურ, ისე კოსმიურ მხატვრობაში.
რელიგიური თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეული რომელ ტაძარში მუშაობა იყო?
ყველაზე გამორჩეული ტაძარი, რომელშიც პატივი მქონდა, მემუშავა, სანტორინის კათედრალური ტაძარი იყო თავისი უნიკალური ადგილმდებარეობის (კლდის პირას დგას და საოცარი გადმოსახედია იქიდან) და იმ ადამიანის გამო, ვისთანაც მუშაობა მომიწია. ეს იყო ქრისტეფორე ასიმისი, შესანიშნავი მხატვარი და ნამდვილი ინტელიგენტი ადამიანი, ვისგანაც ბევრი რამ შეიძლება ისწავლო.
საქართველოდან არ გქონიათ შემოთავაზება რომელიმე ეკლესიის მოხატვაზე?
არა, არ მქონია. პერსონალური გამოფენის მოწყობა კი ბევრჯერ შემომთავაზეს და აუცილებლად მოვაწყობ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნები.
რას გულისხმობთ, რა არის თქვენი მიზანი?
მინდა, რომ კმაყოფილი ვიყო ჩემი მუშაობის შედეგით. როგორც უკვე გითხარით, 15 წელი მხოლოდ ხატწერით ვიყავი დაკავებული და ხატვასთან შეხება არ მქონია, ახლა კი მინდა ისეთი გამოფენა გავაკეთო, სადაც თანამედროვე სახის ფერწერაში შერწყმული იქნება ხატწერისა და კლასიკური მხატვრობის ელემენტები.
ტაძრების მოხატვისას ალბათ გქონდათ გარკვეული სირთულეები, თუნდაც ფიზიკური თვალსაზრისით… ვთქვათ, ხარაჩოზე დგომა საშიში არაა?
კი, ცოტა საშიშია, ერთხელ ვვარდებოდი ხარაჩოდან და დამიჭირეს. ერთხელაც სხვა ვარდებოდა და მე დავიჭირე, მაგრამ მძიმე იყო ის ადამიანი და საბოლოოდ ხერხემლის ტრავმა მე მივიღე. ახლაც მიბუჟდება ფეხები, მაგრამ დიდ ზიანს გადავრჩი.
ზოგჯერ ვხუმრობთ ხოლმე, სამუშაო თუ აღარ გვექნება, ცირკში წავალთ სამუშაოდ, ძრომიალი კარგად გვაქვს ნასწავლიო (იცინის)…
ხუმრობა იქით იყოს და, როგორც ვიცი, ამჟამად ამერიკაში იმყოფებით. რატომ გადაწყვიტეთ საბერძნეთის დატოვება და ამერიკაში წასვლა, რა გეგმები გაქვთ?
ამერიკაში დამაგვიანდა ჩამოსვლა, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მეგონა, ბევრი რამ ვიცოდი ამერიკაზე, მაგრამ თურმე არ მცოდნია, ახლოდან ძალიან სხვანაირია… ცოტა „საგიჟეთია“, მაგრამ მომწონს, Challenge excepted, რომ იტყვიან, ადვილად შევეგუე. გეგმები ძალიან ბევრი მაქვს, ამ ქვეყანამ თვალები ამიხილა ბევრ რამეზე და ინსპირაციაც მომცა. ვიცი, რომ აქ ბევრად მეტად გავიზრდები პროფესიული თვალსაზრისით. ამჟამად ნიუ-იორკში ვარ.
საბერძნეთი, ამერიკა… საქართველოს რა ფერებში ხედავთ უცხოეთიდან?
საქართველო ჩემთვის ხალხია უპირველესად, არა ბუნება, არა მიწა, არა პოლიტიკა და არა წარსულის ნოსტალგია. ის ცოცხალი ქსელია, რომელსაც საზოგადოება ჰქვია. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ძალიან შეიცვალა დადებითისკენ იმ 25 წლის განმავლობაში, რაც უცხოეთში ვარ წამოსული.
როგორ ფიქრობთ, ქართველი ემიგრანტების ძირითადი პრობლემა რა არის ნებისმიერ ქვეყანაში?
ვფიქრობ, ქართველი ემიგრანტების პრობლემა ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა. ინტეგრაცია უმეტესობისთვის არ არის პრობლემა, მაგრამ ამერიკამ გამაკვირვა ემიგრანტების ენის უცოდინარობით. საქმე ისაა, რომ სწავლაც არ უნდა ბევრს. ევროპაში სხვანაირად არის, გინდა – არ გინდა, ენას ისწავლი. აქ – არა. ამერიკა უზარმაზარი ქვეყანაა, ყველაფერს, რასაც აკეთებ, ორმაგი ძალა სჭირდება და ბევრს, განსაკუთრებით ასაკოვანს, აღარ რჩება რესურსი და სურვილი, რომ ისწავლოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, ვინც ამერიკაში წამოსვლას აპირებს, იმეცადინოს რაც შეიძლება მეტი, თორემ აქ ძალიან გაუჭირდება ცხოვრება.
თქვენთვის რა არის ემიგრანტობა?
ჩემს თავს რატომღაც ვერ ვხედავ ამ კონტექსტში, ვერც ჩემს მეგობრებს, აი, ეს ჩემი ემიგრანტი მეგობარი და არაემიგრანტი მეგობარი… ვერ ვხედავ განსხვავებას. ემიგრანტი, უბრალოდ, ის ადამიანია, ვისაც ნაკლები რესურსი გააჩნია ახალ ადგილზე, და უნდა ბევრი იმუშაოს, ისწავლოს და იმოქმედოს, რომ ნაწილი მაინც აინაზღაუროს. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ადვილი არაფერი არ არის ამქვეყნად.
საქართველო თუ უცხოეთი – სად აპირებთ გაჩერებას?
ამ ეტაპზე უცხოეთში ცხოვრება მირჩევნია. აქ, ამერიკაში, იმხელა დიასპორაა, სულ ვერ გრძნობ, თუ შორს ხარ.
მიუხედავად ამისა, მშობლიური ქვეყნიდან შორს მყოფი, ყველაზე ხშირად რა შეკითხვას უსვამთ საკუთარ თავს?
ვფიქრობ, რას დავუტოვებ სამშობლოს, როცა ამქვეყნიდან წავალ. მინდა რაღაც მნიშვნელოვანი დავტოვო.
თქვენი საყვარელი მხატვარი ვინ არის?
ფრენსის ბეკონი.
საყვარელი მწერალი: ჯონ ფაულზი.
საყვარელი კომპოზიტორი: დმიტრი შოსტაკოვიჩი.
საყვარელი დრო: გაზაფხული.
საყვარელი ყვავილი: ყველა ყვავილი მიყვარს, მაგრამ ის პატარა, ციცქნა ყვავილები, მინდორში რომ იზრდება, განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ვერავინ ამჩნევს, საიდუმლოდ, თავისთვის არიან.
საყვარელი ფერი: მხატვრისთვის არის როგორც საყვარელი ნოტა მუსიკოსისთვის… ყველაფერი კონტექსტშია და ერთობაში.
ჩვენი დროის ხელოვნების თავისებურებად რას თვლით?
ხელოვნება არასოდეს ყოფილა ასეთი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი, როგორც ახლა და ასევე არასოდეს ჰქონია ასეთი უშუალო და მჭიდრო კონტაქტი მაყურებელთან.
ქალბატონო ირმა, როგორც შევიტყვე, სპორტითაც ყოფილხართ გატაცებული…
დიახ, 2015 წელს დავიწყე ISSF პისტოლეტით სროლაში ვარჯიში და 4 წელში სპორტის ოსტატის ნორმატივი შევასრულე. მაგრამ, სამწუხაროდ, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებში ვერ მოვხვდი გარკვეული მიზეზების გამო. თუმცა არ არის გამორიცხული, ამ საქმიანობას ოდესმე დავუბრუნდე და ტირიც გავხსნა, რათა ახალგაზრდობა მიჰყვეს სპორტის ამ სახეობას. ნებისმიერი სპორტი აყალიბებს ადამიანს, მის თვისებებს და საერთოდ, პიროვნებას. ზოგადად, სპორტს ძალიან დიდ პატივს ვცემ.
დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: ვისურვებდი, რომ..
ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ომები, შიმშილი და ექსპლუატაცია არა მარტო ადამიანების, ცხოველებისაც. მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს ამქვეყნად!
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები