ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

ბედიანის დედათა მონასტერმა პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა – სავანე, რომელიც მონაზვნებმა საკუთარი ხელით შექმნეს (ვიდეო)

2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის ხსენების დღეს საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს, მათ შორის, ბედიანის დედათა მონასტრის მონაზვნებმაც, რომლებიც ამბობენ, რომ პატრიარქის მუდმივი თანადგომა ყოველდღიურ საღმრთო და საერო საქმეებში ეხმარებათ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქ. წალკიდან 30 კმ-ზე, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მონასტერი ბედიანში შუასაუკუნეებიდან არსებობდა. აღდგა 1990-იან წლებში, როდესაც თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრიდან სავანეში მონაზვნები გადაიყვანეს.

ეკლესიის გარემოს მოწესრიგება და გამშვენება, აგრეთვე, ტიპიკონით განსაზღვრული სამონასტრო ცხოვრება შუასაუკუნეების კომპლექსის ნაშთების რესტავრაციით და ახალი არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობით ერთიანი ანსამბლის შექმნას მოითხოვდა. ამისთვის აუცილებელი კვლევები და საპროექტო სამუშაოები არქიტექტორ-რესტავრატორმა იოსებ ბანძელაძემ ჩაატარა. მისივე ხელმძღვანელობით მოხდა სატრაპეზოს და გალავნის რესტავრაცია, აშენდა ჭიშკარი და სენაკები. სამწუხაროდ, დაფინანსების შეწყვეტის გამო სრულად ვერ მოხერხდა პროექტის განხორციელება. ეტაპობრივად დაგეგმილი იყო სამრეკლოსა და მცირე სამლოცველოს აგება, მონასტრის ახალი სენაკების, წინამძღვრის საცხოვრებლის, საპატრიარქო რეზიდენციის და მომლოცველთა სასტუმროს აშენება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელოსნოებისა და სამეურნეო ნაგებობების მშენებლობა. ღვთის შეწევნით, ალბათ ეს პროექტიც ბოლომდე მივა, ისე როგორც დედების მიერ წამოწყებული სხვა კეთილი საქმეები.

მონასტერს მართლაც განსაკუთრებული ისტორია აქვს: ამ პატარა დასახლებაში ბავშვთა სახლიც და ფსიქიატრიული კლინიკაცაა, რომელსაც დედები ყურადღებას არ აკლებენ.

1999 წლის სექტემბერში ბედიანში დასახლდნენ წმ. გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებული ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები და მათი პედაგოგ-აღმზრდელები. მონასტრის მონაზვნებმა და მორჩილებმა იმთავითვე იკისრეს მათზე მზრუნველობა, რაც დღემდე გრძელდება.

მონასტერი მზრუნველობას არ აკლებს არც ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს.

რამდენიმე ათეული წლის წინათ მონასტრული ცხოვრების აღორძინება მხოლოდ ორმა მონაზონმა დაიწყო და შემდეგ კი კრებულის წევრთა რაოდენობა გაიზარდა…

ნანა ძნელაძე

დაკავშირებულ თემაზე: ლელწამი – კიდევ ერთი მტკიცებულება საქართველოსა თუ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების ქართულობის დასაცავად

მუცოს რესტავრაციის პროექტმა არქიტექტორთა კავშირის ჯილდო მოიპოვა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close