მსოფლიოსაზოგადოებასპორტი

ფრანგმა ეპისკოპოსებმა უკმაყოფილება გამოთქვეს პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით, შოუს სხვა კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ (ვიდეო)

საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციამ (CEF) უკმაყოფილება გამოთქვა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე „ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებზე“.  

„პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი აღსავსე იყო „სილამაზის, სიხარულის, მდიდარი ემოციების მშვენიერი მომენტებით და საყოველთაო აღიარებაც დაიმსახურა“, მაგრამ მოიცავდა „ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს, რაზეც ჩვენ ძალიან ვწუხვართ“, – ნათქვამია საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეს-რელიზში. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

განცხადებაში საფრანგეთის ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს ამ საკითხთან დაკავშირებით. „ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე ყველა კონტინენტზე, რომლებიც აღშფოთებულნი არიან გარკვეული სცენების პროვოკაციული ბუნებით. ვიმედოვნებთ, მათ ესმით, რომ ოლიმპიური დღესასწაული სცილდება რამდენიმე ხელოვანის იდეოლოგიურ მიკერძოებას“.

ეპისკოპოსები აღნიშნავენ, რომ „ოლიმპიზმი არის მოძრაობა, რომელიც ემსახურება ადამიანთა ერთიანობასა და ძმობას… გზა დაუთმეთ ასპარეზობას, დაე, მან მოუტანოს ყველას ჭეშმარიტება, ნუგეში და სიხარული!“ – ციტირებს განცხადებას  France Info.

როგორც France 24 წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსები არ მიუთითებდნენ კონკრეტულ სცენაზე, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სეგმენტი სახელწოდებით „დღესასწაული“, რომელიც აშკარად იყო პაროდია ლეონარდი და ვინჩის ცნობილ ნამუშევარზე „საიდუმლო სერობა“. ამ სცენაში რამდენიმე დრაგქვინიც მონაწილეობდა, რომელიც მოგვაგონებდა „საიდუმლო სერობას“. ამ სეგმენტის მუსიკა ლესბოსელი აქტივისტის, დიჯეი ბარბარა ბუჩის მიერ იყო შექმნილი.

ქრისტიანების გარდა შოუს მრავლად გამოუჩნდნენ კრიტიკოსები – ცერემონიის დროს ხშირი იყო ტექნიკური წუნი. იყო ძალიან ცუდი ამინდი. სწორედ ამიტომ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას უკვე უწოდეს „ყველაზე ცუდი ისტორიაში“. ამის თაობაზე სტატიას Daily Mail-ი ავრცელებს.

მაგალითად, ოლიმპიური დროშა აღმართვისას უკუღმა ჩამოკიდეს, ლედი გაგას და დაახლოებით 3000 მოცეკვავის, აკრობატის და მსახიობის გამოსვლისას ხმა ცუდად ისმოდა, კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი ტროკადეროს მოედანზე მოხდა, სადაც ძლიერი წვიმის გამო მონიტორი გაფუჭდა.

კიდევ ერთი წუნი, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, იყო ის, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ნაწილი კომპიუტერული თამაშებიდან იყო აღებული – ნიღბიანი კაცი ჩირაღდნით ხელში, Assassin’s Creed-ის კომპიუტერული თამაშის პერსონაჟს მიამსგავსეს.

უგემოვნო პერფორმანსი უწოდეს სცენას, სადაც კერძებით სავსე უზარმაზარი თეფშის გამოჩნდა. სინზე იდო ხილი და მათ შორის გაწოლილი იყო ძველი საბერძნეთის ღვინის ღმერთის, დიონისეს ფორმაში ჩაცმული მსახიობი ფილიპ კატერინი. მას ისეთი მჭიდრო კომბინეზონი ეცვა, რომ ფაქტობრივად სხეულის ყველა ნაწილი უჩანდა.

კურიოზი მოხდა ქვეყნების დელეგაციების გამოცხადების დროს, როდესაც სამხრეთ კორეას „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“ უწოდეს, რაც ჩრდილოეთ კორეას ნიშნავს. მოგვიანებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამხრეთ კორეას ოფიციალური ბოდიში მოუხადა.

ამ ფაქტმა სამხრეთ კორეაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგანაც ეს ქვეყანა ჩრდილოეთ კორეასთან, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იმყოფება. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გამოაქვეყნა.

კრიტიკოსები წერენ, რომ ცერემონია, ფაქტობრივად, კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა გადაარჩინა, რომელმაც სიმღერა ბოლო ნაწილში შეასრულა. სელინ დიონმა საჯაროდ პირველად იმღერა მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ „პიროვნების შებოჭილობის სინდრომით“ არის დაავადებული. მან ეიფელის კოშკზე ედიტ პიაფის „L’Hymne A L’Amour“ შეასრულა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close