მსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა – ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს?

„დემოკრატიული“ პარტიის ლიდერების ზეწოლის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო საგანგებო გადაწყვეტილება საარჩევნო მარათონიდან გასვლის შესახებ.  ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ივნისის ბოლოს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო დებატი შედგა. ბაიდენის სუსტი გამოსვლის შემდეგ კი მხარდამჭერებსა და თანაპარტიელებს შორის გაჩნდა კითხვები იმაზე, შეძლებდა თუ ვერა ბაიდენი ტრამპის დამარცხებას.

jo ბაიდენი წერილში, რომელშიც იგი ამერიკელ ხალხს მიმართავს, აცხადებს, რომ თავისი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, მოხსნას კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან.

„ჩემთვის უდიდესი პატივია ცხოვრებაში, გემსახუროთ პრეზიდენტად. მართალია, კვლავ არჩევას ვესწრაფოდი, ვთვლი, რომ ჩემი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, მოვხსნა კანდიდატურა და ჩემი, როგორც პრეზიდენტის, მოვალეობის შესრულებას დავუთმო მთელი ყურადღება დარჩენილ ვადაში“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ძვირფასო ამერიკელებო, ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ, როგორც ერმა, დიდ პროგრესს მივაღწიეთ. დღეს ამერიკას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს. განვახორციელეთ ისტორიული ინვესტიციები ჩვენი ერის აღმშენებლობაში, ხანდაზმულებისთვის წამლების ხარჯების შემცირებასა და ამერიკელების რეკორდული რაოდენობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის. კრიტიკულად აუცილებელი ზრუნვა გავუწიეთ მილიონ ვეტერანს. მივიღეთ 30 წლის განმავლობაში პირველი კანონი იარაღის უსაფრთხოების შესახებ. უზენაეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელი ქალი დავნიშნეთ. კლიმატთან დაკავშირებით მივიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა მსოფლიო ისტორიაში. ამერიკა არასდროს ყოფილა უკეთესად პოზიციონირებული ლიდერად, ვიდრე ჩვენ ვართ დღეს. მე ვიცი, რომ ეს ვერ მოხდებოდა თქვენ გარეშე, ამერიკელი ხალხის გარეშე. ჩვენ ერთად დავძლიეთ პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება და ყველაზე საშინელი ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ. ჩვენ დავიცავით და შევინარჩუნეთ ჩვენი დემოკრატია. ჩვენ დავიცავით და გავაძლიერეთ ჩვენი კავშირები მთელ მსოფლიოში. ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო, მემსახურა, როგორც თქვენს პრეზიდენტს, და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა [პრეზიდენტად], მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება. კვირის ბოლოს უფრო დეტალურად ვისაუბრებ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ახლა ნება მომეცით, უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც ამდენი იშრომა ჩემი ხელახლა არჩევისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომ იყო არაჩვეულებრივი პარტნიორი ყველა ამ საქმეში. ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ამერიკელი ხალხის მიმართ რწმენისა და ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ. დღეს მჯერა იმისა, რისაც ყოველთვის მჯეროდა: არ არსებობს ისეთი რამე, რასაც ამერიკა ვერ გააკეთებს, როცა ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები“, – წერს ჯო ბაიდენი.

 ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს?

სოციალურ მედიაში გავრცელებულ დამატებით განცხადებაში ბაიდენი წერს, რომ იგი მხარს უჭერს, „დემოკრატიული“ პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდეს. ბაიდენი დემოკრატებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და „დაამარცხონ ტრამპი“.

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტია 2020 წლიდან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Joe Biden (@joebiden)

როგორ აირჩევენ დემოკრატიული პარტიის ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს?

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ვიცე-პრეზიდენტი ავტომატურად ხდება პრეზიდენტი, ბაიდენის საარჩევნო რბოლიდან გასვლა არ ნიშნავს, რომ კამალა ჰარისი ავტომატურად გახდება საპრეზიდენტო კანდიდატი. დემოკრატების უმეტესობა მოელის, რომ ის [კამალა ჰარისი] იქნება ბაიდენის შემცვლელი, მაგრამ პარტიის დელეგატებს, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატს დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე აირჩევენ, შეუძლიათ ნებისმიერ კანდიდატს მისცენ ხმა, რომელიც მოსწონთ. თუ დემოკრატები ვერ გაერთიანდებიან რომელიმე კანდიდატის გარშემო, ეს შექმნის ე. წ. „ღია ყრილობის“ შესაძლებლობას, რაც პარტიაში 1968 წლის შემდეგ არ მომხდარა.

ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის ამ ეტაპზე დატოვება თანამედროვე ამერიკის პოლიტიკაში უპრეცედენტოა, რადგან დემოკრატიულ პარტიას ბაიდენის შემცვლელზე შეთანხმება უჩვეულოდ მოკლე დროში მოუწევს.

ახლა დემოკრატები შეეცდებიან, საპრეზიდენტო კანდიდატი 1-7 აგვისტოს შუალედში დაასახელონ, რათა 19 აგვისტოსთვის (როცა დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დაწყება იგეგმება) პარტია ერთ კანდიდატზე იყოს შეთანხმებული.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close