მილანის სასამართლომ ჟურნალისტი ჯულია კორტეზე 5000 ევროთი დააჯარიმა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის დაცინვისთვის მის მიერ ტვიტერში გამოქვეყნებულ ორ პოსტში. მელონის სიმაღლესთან გაკეთებული დამცინავი შენიშვნა სასამართლომ „ბოდიშეიმინგად“ (ინგ. body shaming – „სხეულის შერცხვენა“) ჩათვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
2021 წლის ოქტომბერში, როდესაც მელონი ჯერ კიდევ არ იყო მთავრობის მეთაური, კორტეზემ გამოაქვეყნა მემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერის დამცინავი ფოტო შინაურ სიტუაციაში, რომელსაც ფონად ჰქონდა დიქტატორ ბენიტო მუსოლინის პორტრეტი. მას შემდეგ, რაც მელონიმ სოციალურ ქსელში უარყო ფოტოს ავთენტიკურობა და ჩანაწერის ავტორს სამართლებრივი მოქმედებით დაემუქრა, კორტეზემ კიდევ ორი შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა: „ის, რაც ფეისბუქგვერდზე დაატრიალეთ, მედიის სამსჯავრო, რომელიც ფეისბუქგვერდზე შექმენით, გაკვალიფიცირებთ ისეთად, როგორიც ხართ: პატარა ქალი“. ჟურნალისტმა ასევე დაწერა: „შენ ვერ მაშინებ, ჯორჯა მელონი. ბოლოს და ბოლოს შენი სიმაღლე მხოლოდ 1,2 მეტრია. ვერც კი გხედავ“.
ამის შემდეგ ჯორჯა მელონიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადვოკატს ამ საქმის წინააღმდეგ ზომების მიღება დაავალა. აღსანიშნავია, რომ მუსოლინის პორტრეტთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით სასამართლომ ჟურნალისტის დანაშაულებრივი ქმედება ვერ დაინახა, შემდეგ გამოქვეყნებული 2 პოსტისთვის კი მას ფულადი ჯარიმა დააკისრა – მთლიანობაში 5000 ევრო.
ჯულია კორტეზეს შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. მელონის ადვოკატი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი კომპენსაციის სახით მიღებულ სრულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
ცნობისათვის: ადგილობრივი მედიის განსხვავებული ინფორმაციებით, ჯორჯა მელონის სიმაღლე 1.58-იდან 1.63 სმ-მდეა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჯულია კორტეზემ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა:
„იტალიის მთავრობას სერიოზული პრობლემა აქვს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ეს ქვეყანა ორბანის უნგრეთს უახლოვდება: ეს ცუდი დროა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აზრის ლიდერებისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ წინ უკეთესი დღეები გველოდება. ჩვენ არ დავნებდებით!“
Italy’s government has a serious problem with freedom of expression and journalistic dissent. This country seems to get closer to Orbán’s Hungary: these are bad times for independent Journalists and opinion leaders. Let’s hope for better days ahead. We won’t give up!@Reuters https://t.co/sWojOlMJz1
— Giulia Cortese (@GiuliaCortese1) July 18, 2024
„ეს მართლაც გიჟური მომენტია. სხვა განმარტება ვერ მოიძებნა“.
It is a crazy ass moment indeed. No other definition could be found. https://t.co/lqh2DBd9f0
— Giulia Cortese (@GiuliaCortese1) July 18, 2024
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ცნობით, წელს იტალიაში ბევრი საქმე აღიძრა სასამართლოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, რის გამოც 2024 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში იტალია ხუთი ადგილით დაქვეითდა, 46-ე პოზიციამდე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიაში ჟურნალისტი ჯორჯა მელონის მიმართ გაკეთებული კომენტარების გამო დააჯარიმეს. მელონიმ სასამართლოში უჩივლა ჟურნალისტსა და მწერალ რობერტო სავიანოს მას შემდეგ, რაც მან 2021 წელს შეურაცხყოფა მიაყენა („ნაძირალა“ უწოდა) მელონის არალეგალური მიგრაციის მიმართ მისი ხისტი დამოკიდებულების გამო. რომის სასამართლომ გასულ წელს ჟურნალისტს 1000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები