ეკონომიკამიგრაციასაქართველო

ივნისში ფულადი გზავნილები 281 მილიონ დოლარამდე შემცირდა – იტალიამ „ლიდერობა“ დაკარგა, პოზიცია „დათმო“ საბერძნეთმაც

2024 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 281 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც 20,9%-ით, ანუ 59 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

აშშ-იდან გადმორიცხვებმა 47.75 მილიონ დოლარს მიაღწია და თითქმის გაუთანაბრდა რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებს (48.84 მლნ დოლარი), გადმორიცხვების სიდიდით მესამე ადგილს იტალია იკავებს (45.77 მილიონი). მაისის მონაცემებით, იტალია პირველ ადგილზე იყო 48.12 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – მეორეზე, აშშ კი – მესამეზე. წინა თვეებში იტალია სტაბილურად მეორე ადგილს იკავებდა, რუსეთი – პირველს, აშშ- მესამეს. „ტრადიციული“ მეოთხე ადგილი დათმო საბერძნეთმაც (21.83 მლნ) , რომელსაც გერმანიამ გაუსწრო (22.44 მლნ დოლარით).

მნიშვნელოვნად იმატა გადმორიცხვებმა ყირგიზეთიდან (+36%), ირლანდიიდან (+28%) და აშშ-იდან (+22%).

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, კლება დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებასთან. 2024 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოში 49 მილიონამდე დოლარის გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 62%-ით, ანუ 80 მილიონით ნაკლებია. სანაცვლოდ კი გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციის მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.29%-ით არის გაზრდილი.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 96.6% მოდიოდა.

2024 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.2 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) გაიგზავნა, რაც 2023 წლის ივნისის (29.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.0%-ით ნაკლებია.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close