„მონა ლიზა“ – მამაკაცის პორტრეტი თუ ავტოპორტრეტი, იტანჯებოდა თუ არა „მონა ლიზა“ ალოპეციით, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონით, პარკინსონით, ასთმით, სიელმითა და კატარაქტით
მართალია, ლეონარდო და ვინჩის შედევრს ზოგი ღვთაებრივი სილამაზის ეტალონად, ზოგი დადგენილი ნორმების დარღვევად და საზოგადოების გამოწვევად მიიჩნევს, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ დიდგვაროვანი ფლორენციელი ქალბატონის მთავარი სიმდიდრე მისი ამოუცნობი ღიმილია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხიბლავს მნახველებს და ხელოვნების მოყვარულებთან ერთად მეცნიერებსაც საგონებელში აგდებს.
ალვის ხის ფიცარზე შესრულებული, საღებავის და ლაქის ბზარებით დაფარული შედევრი დღეს ლუვრის მუზეუმში, სქელი ტყვიაგაუმტარი შუშით დაცული იწონებს თავს და სოლიდური ასაკის მიუხედავად, ჩვეულ იდუმალებასთან ერთად ახალგაზრდობასაც ბრწყინვალედ ინარჩუნებს. სხვათა შორის, ლეონარდო და ვინჩი, რომელსაც ძალიან გაუჭირდა მონა ლიზასთან განშორება, აღორძინების ეპოქის ერთადერთი მხატვარია, ვინც ნამუშევრის გადაცემაზეც უთხრა უარი დამკვეთს და მიღებული გასამრჯელოს დაბრუნებაზეც, საკუთარი შედევრი კი საფრანგეთის მონარქს, ხელოვანთა მფარველს და გულშემატკივარს – ფრანსუა პირველს უსახსოვრა.
უჩვეულო გარეგნობით და იდუმალი ღიმილით ჯოკონდამ ჯერ ნაპოლეონ ბონაპარტი აღაფრთოვანა, მერე იტალიელი ვინჩენცო პერუჯა მოხიბლა, რომელმაც ლუვრიდან გაიტაცა ქალბატონი და მთელი ორი წელი „იცხოვრა“ მასთან ერთად იტალიაში. ფლორენციელი „მონა ლიზა“ ყველა ეპოქაში იზიდავდა და თითქოს აჯადოებდა მამაკაცებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვერსიების სიმრავლის მიუხედავად, დღემდე უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული მკვლევარი ცდილობს მისი საიდუმლოს ამოხსნას.
„მონა ლიზას“ ორაზროვანი ღიმილი
„მონა ლიზა“ პირველმა ჯორჯო ვაზარიმ მოიხსენია 1540-იანი წლებით დათარიღებულ ნაშრომში „ცნობილი მხატვრების, მოქანდაკეებისა და ხუროთმოძღვრების ცხოვრება და მოღვაწეობა“. იტალიელმა ფერმწერმა და მწერალმა აღფრთოვანებით აღწერა პორტრეტი, რომელიც „თავისი ორაზროვანი, თითქოს ბუნდოვანი და ამოუცნობი ღიმილით ღვთაებრივ ქმნილებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს“, რადგან ეპოქისთვის ჩვეული პორტრეტებისგან განსხვავებით, მოკრძალებული, თუმცა მეტად თამამი ღიმილით „მონა ლიზამ“ ცხოვრების დუალიზმი განასახიერა და არა მხოლოდ ხელოვნებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები დაამსხვრია, არამედ საზოგადოებაში დადგენილი ნორმებიც გააპროტესტა.
ჩინელი დედა
მართალია, ბევრს საერთოდ არ სჯერა ლიზა დელ ჯოკონდოს არსებობისა, მაგრამ ქალბატონი, რომელიც დაოჯახებამდე გერარდინის გვარს ატარებდა, მართლაც ცხოვრობდა მე-15 საუკუნის ფლორენციაში, თუმცა ნამდვილად დელ ჯოკონდოა გამოსახული პორტრეტზე თუ არა, არავინ იცის. მკვლევართა ნაწილის მტკიცებით, პორტრეტი და ვინჩიმ რამდენიმე მოდელის კომბინირებით დახატა, რადგან დამკვეთისთვის ნამუშევრის გადაცემაზე უარის თქმის შემდეგ სხვა ქალბატონებს მიმართა პოზირების თხოვნით და სწორედ მათი წყალობით, ახალი დეტალების დამატებით შექმნა აღორძინების ეპოქის იდეალური ქალის კრებითი სახე.
ბევრად თამამი მოსაზრება გამოთქვა იტალიელმა მეცნიერმა ანჯელო პარატიკომ. მისი აზრით, „მონა ლიზას“ პორტრეტით და ვინჩიმ საკუთარი დედა გააცოცხლა, ვისზე ინფორმაციის მოძიება ძალიან რთული აღმოჩნდა. ოფიციალური ვერსიით, მხატვრის დედა ღატაკი გლეხის ქალი – ვინმე კატარინა იყო, რომელსაც შეძლებული ნოტარიუსისგან, დიდგვაროვანი დონ პიეტრო და ვინჩისგან შეეძინა შვილი და მასვე მიანდო მისი აღზრდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადრეულ ასაკში დედასთან დაშორებული ლეონარდო სწორედ მისი სახისა და ღიმილის აღდგენას ცდილობდა საკუთარ ნამუშევრებში.
პარატიკომ არსებული ვერსია გაიმეორა, თუმცა დაიჟინა, რომ ლეონარდოს დედა სინამდვილეში ნოტარიუს და ვინჩის მდიდარი კლიენტის ჩინეთიდან ჩამოყვანილი მონა ქალი იყო, რომელსაც მხოლოდ შეყვარებული პიეტრო ეძახდა კატარინას. მსგავსი დასკვნა მკვლევარმა ჩინეთში გატარებული რამდენიმე წლისა და ადგილობრივი ტრადიციების იტალიური აღორძინების ეპოქასთან კავშირის მოძიების შემდეგ გააკეთა, „ჯოკონდას“ აღმოსავლური ნაკვთების აღმოჩენით კი საკუთარი ვერსია გაამყარა და „ლეონარდოს ცნობილი ხელწერაც“ – მარჯვნიდან მარცხნივ წერის უნარიც აღმოსავლურ გენს მიაწერა.
„მონა ლიზა“ – მამაკაცის პორტრეტი
უსაზღვრო მოკრძალებისა და გრაციოზულობის მიუხედავად, მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ „მონა ლიზას“ მამაკაცურ ნაკვთებს და შეფარულ უხეშობას, რადგან სახე წარბებისა და წამწამების გარეშე ძალიან მიუგავს ახალგაზრდა მამაკაცს. მეტიც, ცნობილი მეცნიერის სილვანო ვინჩეტის მტკიცებით, ლეონარდოსთვის არა ქალბატონი, არამედ მისივე შეგირდი – ქალის სამოსში გამოწყობილი სალაი (ჯან ჯაკომო კაპროტი და ორენო) პოზირებდა. ერთი შეხედვით უცნაური დასკვნა ვინჩეტიმ მოდელის გარეგნული მსგავსებისა და იდენტური ღიმილის წყალობით გააკეთა.
ამავე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს მოდელისა და მხატვრის ის განსაკუთრებული ურთიერთობაც, რაზეც ვაზარიც მიანიშნებდა, მით უფრო, რომ მამხილებელი დოკუმენტიც არსებობს, რომელიც მხატვარს საკუთარ შეგირდთან სოდომიაში ადანაშაულებს. აქტიურად განიხილავდა ლეონარდოს ჰომოსექსუალობას ზიგმუნდ ფროიდიც, რომელმაც საკუთარი მოსაზრება მხატვრის ბიოგრაფიის და დღიურების ფსიქიატრიული ანალიზით გაამყარა. მეტიც, არსებობს ვერსია, თითქოს „ჯოკონდას“ პორტრეტი ლეონარდომ სწორედ სალაის უსახსოვრა, მან კი მასწავლებლის ძღვენი ფრანსუა პირველს მიჰყიდა იმ პერიოდში ასტრონომიულ თანხად – 4 ათას ეკიუდ.
„ჯოკონდა“ – და ვინჩის ავტოპორტრეტი
კიდევ ერთი, ზიგმუნდ ფროიდის საკმაოდ გავრცელებული ვერსია – თითქოს „მონა ლიზა“ მხატვრის ავტოპორტრეტია, ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლის მხატვარმა და გრაფიკოსმა ლილიან შვარცმა დაადასტურა, როცა ხანდაზმული და ვინჩის „ტურინული ავტოპორტრეტი“ მონა ლიზას შეადარა და პრაქტიკულად იდენტური სახის პროპორცია, თავის ფორმა, შუბლი და თვალებს შორის დაშორება აღმოაჩინა.
შედევრი დაუნის სინდრომით
აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა ბრიტანული ფოტოგრაფიის ფუძემდებელმა უილიამ ჰენრი ფოქს ტალბოტმა, რომელმაც „პროფილში შებრუნებულ“ „მონა ლიზას“ დაუნის სინდრომი დაუდგინა. უცნაურია, მაგრამ ფოტოგრაფის მოსაზრება დაადასტურა დანიელმა ექიმმა ფინ ბეკერ-ქრისტიანსონმაც, რომელიც წინამორბედს არ ჩამორჩა და საბრალო „ჯოკონდას“ სახის თანდაყოლილი დამბლის დიაგნოზი დაუსვა, მისი ასიმეტრიული ღიმილი კი ფსიქიკურ გადახრას, სავარაუდოდ, ოლიგოფრენიას მიაწერა.
გააგრძელე კითხვა აქ: imedinews.ge/ mona-liza
კომენტარები