დღის თემასაზოგადოებასაქართველო

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულების – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს

„თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათა…“

12 ივლისს (ძველი სტილით 29 ივნისს) მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულების – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა პეტრე ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანია, პავლე კი – ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, რომელიც  უფლის უდიდესი მსახური სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულებს – პეტრესა და პავლეს ღვთისადმი გამორჩეული მსახურების გამო იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“ და მათ განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვით, „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოზებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.

წმიდა მოციქული პეტრე, ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო და სახელად სვიმეონი ეწოდებოდა. განკაცებული უფლის გამოჩენა მას სწორედ ძმამ ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან.

შეუდგა რა ქრისტეს გზას, თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა უფლის ღვთიური დიდების მოწმე. როდესაც იერუსალიმისკენ მიმავალი იესო თავის მოწაფეებს დაეკითხა „თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა სთქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“, რისთვისაც უფლისგან უდიდესი შექება დაიმსახურა: „ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა („იონა“ ქართულად მტრედს ნიშნავს, „ბარ“ კი – ძე-ს. მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილობის გამო უფალმა სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)… „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფევლისა ცათაისნი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ.16, 15-19). ამ სიტყვებს მაცხოვარ პეტრეს ეუბნება, მაგრამ ყველა მოციქულს გულისხმობს, გარდა ერთისა, რომელიც თავისი ნებით განდგა ღვთისაგან. ამ სიტყვებით ქრისტე ღმერთი თავისი ძალაუფლების ნაწილს, მოციქულთა სახით, ადამიანებს გადასცემს, რაც კაცთა მოდგმისადმი ღვთის უდიდესი სიყვარულის დასტურია.

პეტრემ სამჯერ უარყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როდესაც მას ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს. როდესაც მესამედ უარყოფდა, დაინახა, რომ უფალი უმზერდა მას, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. ერთ-ერთი წმიდა გადმოცემით, მას შემდეგ, როცა კი მამლის ყივილი მოესმოდა, პეტრე თავისი ამ შეცოდების გამო მწარედ ატირდებოდა ხოლმე და ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა. ამიტომაც, ხატებზე იგი ცრემლით დაღარული გამოისახა.

პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი მოწაფეთა შორის პირველს სწორედ პეტრეს ეჩვენა და მას დასამწყემსველად თავისი „სიტყვიერნი ცხოვარნი“ ანდო. სულთმოფენობის შემდეგ, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი გახდა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგებები იმდენად ცხოვლისმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ  ქრისტეს სარწმუნოებაში ათასობით ადამიანს მოაქცევდა.

პეტრე მოციქული იმპერატორ ნერონის ბრძანებით შეიპყრეს და ჯვარს აცვეს. იგი უღირსად თვლიდა თავს, ისეთივე მოწამებრივი სიკვდილი მიეღო, როგორც მის მასწავლებელს და ჯალათებს სთხოვდა თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა, რომ უფლისთვის თავი სიკვდილის დროსაც დაეხარა.

წმიდა მოციქული პავლე კი სრულიად სხვა გზით მივიდა ქრისტემდე. იგი წარმოშობით ბენიამინის ტომიდან იყო და მოციქულებრივ მსახურებამდის სახელად სავლე ერქვა. სჯულით ფარისეველი, კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა. კარგად იყო განსწავლული საერო მეცნიერებებში, მოსეს სჯულში და როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელიც გახლდათ: „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“. მაგრამ, ერთხელაც, როდესაც დამასკოში მიემგზავრებოდა, სადაც ქრისტიანთა დევნა უნდა მოეწყო, გზაზე უფალი გამოეცხადა. იხილა რა ზეციდან გადმოსული ნათელი, გაოცებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ხმაი, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაისა მდევნი მე?“ კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ მოესმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ ამ სასწაულებრივო მოვლენის შემდეგ წმიდა პავლე მოციქულმა ქრისტეს გულისთვის ბევრი იღვაწა, იტანჯა და ბოლოს ეწამა კიდეც, რის გამოც წმიდა ეკლესიამ და რა თქმა უნდა, უწინარესად უფლმა ღირსყო მოციქულთა თავად წოდებად. ერთ-ერთი გადმოცემით, მან იმპერატორის მეღვინეთუხუცესი მოაქცია, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმიდა მოციქულმა სიცოცხლე თავის კვეთით დაასრულა.

ზოგიერთი მოწმობით, პეტრე და პავლე მოციქულები იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, ერთ დღეს აღესრულნენ. სხვა გადმოცემით, პავლე მოციქულს პეტრეს ჯვარცმის სრული ერთი წლის შემდეგ მოჰკვეთეს მახვილით თავი. მათი ხსენების დღე იმთავითვე დაწესდა, დაკრძალვის ადგილი კი წმიდა იყო პირველქრისტინთათვის.  IV ს. წმიდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა წმიდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე რომსა და კონსტანტინოპოლში ტაძრები აღმართა.

წმიდა პავლე მოციქული წერს: „რაგინდ ვწინასწარმეტყველებდეთ და ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება ვიცოდეთ, რწმენაც რომ გვქონდეს იმ ზომის, რომ მთა ვაბრუნოთ და გადავიდეს თავის ადგილიდან, ამას თუ სიყვარული არ ახლავს, ანგელოზთა ენაზეც რომ ვლაპარაკობდეთ, ფასი არ ექნება არაფერს“. ეს არის წმიდა მოციქულთა პეტრესი და პავლეს უმთავრესი ღირსება.

***

პეტრეპავლობის მეორე დღეს, 13 ივლისს წმიდა ეკლესია იხსენებს წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედეს ძეს, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს, იგივე თადეოზს, სვიმონ მოშურნესა და მატათას. ამავე დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ზეიმობს.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close