იტალიასაზოგადოებატესტები

იტალია: ანომალიური სიცხის უმაღლესი დონე 11 ქალაქში პარასკევს და შაბათს – ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 27 ქალაქში სიცხის ტალღების მონიტორინგის მონაცემებით, პარასკევს და შაბათს 11 ქალაქში ანომალიური სიცხის უმაღლესი – მესამე დონეა (წითელი შტამპი) მოსალოდნელი.

უწყების განმარტებით: „სიცხის ტალღები (Le ondate di calore) წარმოიქმნება, როდესაც ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ძალიან მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რასაც ხშირად თან ახლავს მაღალი ტენიანობა, მზის მაღალი რადიაცია და ვენტილაციის არარსებობა. ეს კლიმატური პირობები მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია“.

პარასკევს, 12 ივლისს ანომალიური სიცხის წითელი შტამპით 11 ქალაქია აღნიშნულია: ბოლონია, კამპობასო, ფლორენცია, ფროზინონე, ლატინა, პერუჯა, პესკარა, რიეტი, რომი, ტრიესტე და ვიტერბო (სამი ქალაქი აღინიშნება ნარინჯისფერი შტამპით, 11 – ყვითელი შტამპით, ორი – მწვანე შტამპით, ანუ ნულოვანი დონე).

შაბათს, 13 ივლისს წითელი შტამპით აღნიშნულია 11 ქალაქი: ანკონა, ბოლონია, კამპობასო, ფლორენცია, ფროზინონე, ლატინა, პერუჯა, პესკარა, რიეტი, რომი და ვიტერბო. ნარინჯისფერი შტამპით – არცერთი ქალაქი, 11 ქალაქი – ყვითელი შტამპით, ხოლო 5 ქალაქი – მწვანე შტამპით.

ჯანდაცვის სამინისტროს კრიტერიუმებით, განსაკუთრებით საშიშია სიცხის ტალღების მესამე დონე (წითელი შტამპი), ამ დროს საფრთხის ქვეშ არიან არა მარტო რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს (მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები), არამედ ჯანმრთელ ადამიანებსაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რომლებსაც უწყება იძლევა:

  • მოერიდეთ სიცხესა და მზის პირდაპირ ზემოქმედებას დღის ყველაზე ცხელ საათებში (11.00-დან 18.00 საათამდე): მაღალმა ტემპერატურამ და ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს სიცხესთან დაკავშირებული სიმპტომები და დამწვრობები.
  • მოერიდეთ მაღალ ფიზიკურ აქტივობას ღია ცის ქვეშ დღის ყველაზე ცხელ დროს.
  • გაატარეთ დღის ყველაზე ცხელი საათები სახლის ყველაზე გრილ ოთახში, ხშირად დაიბანეთ გრილი წყლით.
  • სწორად გამოიყენეთ კონდიციონერი. თუ მხოლოდ ვენტილატორი გაქვთ, გამოიყენეთ ის გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვით (წაიკითხეთ ბროშურა, როგორ გავაუმჯობესოთ სახლში მიკროკლიმატი).
  • გაატარეთ რამდენიმე საათი კონდიცირებულ საჯარო სივრცეებში, განსაკუთრებით დღის ყველაზე ცხელ საათებში.
  • უზრუნველყავით საკმარისი განიავება: ბუნებრივი ვენტილაცია უკეთესია, ვიდრე მექანიკური ვენტილაცია.
  • ატარეთ ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული მსუბუქი ტანსაცმელი (მაგ. ბამბა, სელი), დაიფარეთ ღია ფერის საზაფხულო ქუდით და გამოიყენეთ მზის სათვალე.
  • დაიცავით კანი მზის დამწვრობისგან მაღალი დამცავი ფაქტორის მქონე მზისგან დამცავი საშუალებებით.
  • დალიეთ სითხეები, ზომიერად მოიხმარეთ გაზიანი ან შაქრის შემცველი სასმელები, ჩაი და ყავა. ასევე მოერიდეთ ძალიან ცივ და ალკოჰოლურ სასმელებს.
  • დაიცავით მსუბუქი დიეტა, ხორცის ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ მაკარონს და თევზს და მოერიდეთ მძიმე და ცხარე საკვებს; მიირთვით ბევრი ახალი ბოსტნეული და ხილი. ყურადღება მიაქციეთ მალფუჭებადი საკვების (მაგ. რძის პროდუქტები, ხორცი) სწორად შენახვას, რადგან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუწყოს პათოგენური მიკრობების გამრავლებას, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დარღვევებს იწვევენ.
  • თუ იღებთ მედიკამენტებს, მკურნალობას ექიმის გარეშე, თვითნებურად ნუ შეწყვეტთ.
  • ყურადღება მიაქციეთ მედიკამენტების სწორად შენახვას, შეინახეთ ისინი სითბოს წყაროებიდან მოშორებით და მზის პირდაპირი სხივებისგან დაფარულად, რომლებიც არაუმეტეს 25-30°C-ზე ინახება, მაცივარში მოათავსეთ.
  • თუ თქვენს ავტომანქანას არ აქვს კონდიცირება, მოერიდეთ მგზავრობას დღის ყველაზე ცხელ საათებში (11:00-18:00). არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ წყლის საკმარისი მარაგი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საცობში შეიძლება მოგიწიოთ ყოფნა.
  • არ დატოვოთ სხვებზე დამოკიდებული ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, თუნდაც მცირე ხნით, მზეზე გაჩერებულ მანქანაში.
  • შესთავაზეთ დახმარება უფრო მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს (მაგალითად, მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ) და ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, რომელიც საჭიროებს ჩარევას, სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურებს აცნობეთ. ხანდაზმულებში საგანგაშო ნიშანია ზოგიერთი ყოველდღიური აქტივობის (სახლში გადაადგილება, ჩაცმა, ჭამა, ტუალეტში რეგულარულად გასვლა, დაბანა) შემცირება, რაც შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე.
  • თუ სიცხესთან დაკავშირებული დარღვევების სიმპტომები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close