ბერი ნაზარის აღზრდილი ზარზმელი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 6 მედლით დაბრუნდნენ (ვიდეო)
ადიგენის რაიონში, სოფელ ზარმაში უკვე რამდენიმე წელია „ზარზმის აკადემია“ ფუნქციონირებს, სადაც კომაროვის სახელობის ცნობილი ფიზიკა-მათემატიკის სკოლის პროგრამით ბერი ნაზარი მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის.
ბერდიაკონმა ნაზარიმ სოფელ ზარზმის საჯარო სკოლაში მათემატიკის გაძლიერებული სწავლებით ისე დააინტერესა მოსწავლეები, რომ 38 ბავშვი კომაროვის სახელობის სკოლა-პანსიონში ჩაირიცხა და თბილისში გააგრძელა სწავლა.
წელს მისმა შეგირდებმა ბალკანეთის მათემატიკის იუნიორთა საერთაშორისო ოლიმპიადაში (JBMO 2024) მიიღეს მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 6 მონაწილიდან 5-მა ვერცხლის, 1-მა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოლიმპიადაში სხვადასხვა ქვეყნის 22 გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის დებიუტანტი იყო და მეექვსე ადგილი დაიკავა.
ბერი ნაზარი პროფესიით მათემატიკოსია, იგი სოფელ ზარზმაში ჩასვლის შემდეგ ბერად აღიკვეცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სკოლაშიც დაწყო მუშაობა.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი Magda Bobokhidze წერს, „ბავშვები მოჰყავთ მთელი რეგიონიდან: მაგალითად, ერთი ბიჭი კვირაში 3-ჯერ 55 კილომეტრით დაშორებული სოფლიდან მოდის ზარზმაში, გაკვეთილისთვის გადის 110 კილომეტრს“.
ბერდიაკონი ნაზარი იმედოვნებს, რომ შეძლებს „ზარზმის აკადემიაში“ ინგლისური ენის და ეკონომიკის საფუძვლების სწავლებაც შეიტანოს.
მას პანდემიის დროსაც არ შეუწყვეტია მუშაობა და დისტანციურად უტარებდა მოსწავლეებს გაკვეთილებს. მისი თქმით, უხარია, როცა შედეგს ხედავს, რადგან მათემატიკით დაინტერესებული მოწაფეების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამბობს, რომ ბერისთვის არ არის რთული სწავლება, რადგან მისთვის ეს არის მორჩილება.
„ჩვენი მთავარი მიზანი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, იყო ის, რომ განათლება მიგვეცა ამ ბავშვებისთვის, განათლებასთან ერთად ის ყველაფერი გვესწავლებინა, რაც ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე გამოადგებათ“, – ამბობს ბერი ნაზარი ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ ინტერვიუში.
საუბარი 2020 წელსაა ჩაწერილი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები