ვიდეოიტალია

იტალია: ამ კვირაში 2 ვულკანი გააქტიურდა – ეტნის შემდეგ სტრომბოლი ამოიფრქვა (ვიდეო)

იტალიაში ამ კვირაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ვულკანი გააქტიურდა: ჯერ ეტნა – სიცილიაზე, შემდეგ კი სტრომბოლიმ დაიწყო ამოფრქვევა ტირენის ზღვაში მდებარე ეოლიის კუნძულების არქიპელაგზე, სიცილიის ახლოს. ფერფლის და კვამლის შლეიფი თითქმის 2000 მეტრის  სიმაღლეზე ავიდა.

სტრომბოლი – ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია მსოფლიოში. ის ცნობილია რეგულარული, თუმცა, ძირითადად, უმნიშვნელო ამოფრქვევებით, რის შედეგადაც ლავა კრატერის ყელიდან ჟონავს.

სტრომბოლის ამოფრქვევამ მრავალრიცხოვანი ტურისტის ყურადღება მიიპყრო.

„ვულკანს ნავით შემოვუარეთ. გვინდოდა სხვა მხრიდან შეგვეხედა, წავედით და ვნახეთ 3 ადგილი, სადაც მნიშვნელოვანი ამოფრქვევები მოხდა. იქ ყველაფერი წითელი იყო, დავინახეთ ლავის ნაკადები, რომლებიც ზღვაში ჩაედინებოდა. ეს გამორჩეული სანახაობა იყო!“ – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.

ბოლო რამდენიმე საათი ამოფრქვევებითა და კვამლის მაღალი ღრუბლებით „შთამბეჭდავი სანახაობის მოწყობის“ შემდეგ სტრომბოლი ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. ლავის ნაკადი შემცირდა და კუნძულის მაცხოვრებლები სახლების სახურავებზე და ქუჩებში დაფენილი ფერფლის საფრის გაწმენდით არიან დაკავებულნი. თითქმის რუტინული სიტუაციაა კუნძულის მკვიდრთათვის, რომლებიც მიჩვეულები არიან სტრომბოლისთან და მის ვულკანურ აქტივობასთან თანაცხოვრებას, რაც ხშირად შედარებით დაძაბულ მომენტებს ქმნის ხოლმე, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საფრთხეს ვერ გრძნობენ. „ვულკანი აქტიურია და თავის „საქმეს აკეთებს“. საფრთხეს საერთოდ ვერ ვგრძნობ. ჩემთვის ქალაქში ცხოვრება უფრო სახიფათოა“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი, მარკო მერლინო.

„სტრომბოლი მოქმედი ვულკანია და შესაბამისად იქცევა, – განმარტავს ეოლიის კუნძულების ასოციაცია Federalberghi-ს პრეზიდენტი კრისტიან დელ ბონო, – უსაფრთხოების ზომები, რომლებიც დადგენილებების შესაბამისად არის მიღებული, მოსახლეობისა და ტურისტებისთვის შესაძლო ნებისმიერი რისკის პრევენციისკენაა მიმართული. შეჩერებულია მწვერვალებისკენ ასვლა, აგრეთვე, აკრძალულია პლაჟზე ღამით გასვლა და მინი კრუიზები – ყოველდღიური ექსკურსიები კუნძულზე. ამასთან, სტუმრებს ვაცნობთ ინფორმაციას და სიახლეებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, მშვიდად გაატარონ თავიანთი შვებულება“.

სტრომბოლის ამოფრქვევამდე ერთი დღით ადრე, 4 ივლისს სიცილიაზე ამოფრქვევა დაიწყო ეტნამ, ევროპის ყველაზე მაღალმა ვულკანმა. სუნთქვის შემკვრელი სანახაობა იყო 3300 მეტრის სიმაღლიდან დაშვებული ლავის ნაკადები. ამ დროისთვის ეტნა თითქმის დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას, მანამდე კი, იმ საათებში იმდენი ფერფლი გადმოყარა, რომ კატანიის აეროპორტის დაკეტვა გახდა საჭირო.

ეტნასა და სტრომბოლის შორის დაშორება 180 კმ-ია.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: სტრომბოლის გააქტიურებას 2019 წელს ერთი ადამიანი შეეწირა, 2002 წელს კი – 6.

იტალიაში ვულკანი ამოიფრქვა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია? ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა მზად აქვს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close