საქართველო-ესპანეთის მატჩის ყველაზე ზუსტი პროგნოზი – რას გვპირდებიან სუპერკომპიუტერი, ფეოლა, სესილი და სპილო (ვიდეო)
30 ივნისს საქართველო – ესპანეთის მატჩი კიოლნის სტადიონზე თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. გულშემატკივარში კიდევ ერთი დიდი გამარჯვების მოლოდინია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე ევრო 2024-ის ფავორიტია.
თუმცა ფეხბურთის სპეციალისტები ჩვენი გუნდის შანსებზე თავშეკავებული ოპტიმიზმით საუბრობენ, იმასაც ამბობენ, რომ ყველა ზღაპარს აქვს დასასრული. შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ, როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ამბობს „ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ“.
არსებობს კიდევ ერთი „თუმცა“, რომელიც არც სპორტულ ლოგიკას და არც გამოცდილებას ექვემდებარება და მისი ამოცნობა მხოლოდ ბავშვებს, ცხოველებს და ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. ჰოდა, კიდევ „ფეოლას“…
ერთ-ერთი საფეხბურთო სააგენტოს სუპერკომპიუტერმა ანალიტიკური გამოთვლებითა და დაკვირვებით ამ დაპირისპირების ანგარიში წინასწარ დაასახელა.
როგორც ის იუწყება, ეს თამაში 1:1 დასრულდება, პენალტების სერიაში კი საქართველო იმარჯვებს. გოლებს ჩვენი მხრიდან გიორგი ქოჩორაშვილი გაიტანს, ესპანელების მხრიდან კი თავს ნიკო უილიამსი გამოიჩენს.
უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვს 3 წლის სესილის, რომელიც, სხვათა შორის ფეხბურთის სანახავად სტადიონზე დადის.
ვენდოთ სესილის!
და აი, კიდევ აი, ვის უნდა ვენდოთ…
სპილო ბუბიმ იწინასწარმეტყველა, რომ 29 ივნისს გერმანია-დანიის დაპირისპირებაში მომდევნო ეტაპზე გერმანია გავიდოდა. ეს პროგნოზი გამართლდა – ტურნირის მასპინძელმა გერმანიამ მერვედფინალში დანიას დამაჯერებელი თამაშით 2:0 მოუგო. შემდეგ ტურში სწორედ გერმანიას შეხვდება საქართველოსა და ესპანეთის წყვილში გამარჯვებული. ასე რომ, თუ ევრო 2024-ის დებიუტანტმა საქართველომ კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა, მაშინ ისღა დაგვრჩენია, სპილო ბუბის პროგნოზს დაველოდოთ.
კომენტარები