საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

„ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“ – 27-28 ივნისს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

გამოვლინდნენ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები და მოეწყო დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ

27-28 ივნისს თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, გაიმართა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“. უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ჩამოსულ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სხვა სტუმრებთან ერთად ფორუმის გახსნას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

27 ივნისს ფორუმის საზეიმო გახსნაზე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის როლის მნიშვნელობაზე. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

„ქართული დიასპორა ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და ქვეყნის განვითარების პროცესში მისი ჩართვის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, საგარეო უწყება დიასპორული ორგანიზაციების, ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერის, მექანიზმების დახვეწის მუდმივ ძიებაშია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარეობს აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიასპორასთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ორიენტირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მიზნით.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიასპორაში ეკლესიის როლსა და ავტორიტეტზე. მან მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ არსებულ ეპარქიებს და მათ წინამძღოლებს და განმარტა, რომ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სამრევლოები ქართული ემიგრაციის გაერთიანებისა და შეკავშირების ადგილია, სადაც „ქართული დიასპორა ყველაზე ძლიერად გრძნობს საკუთარ ფესვებს“.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა, აგრეთვე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყvეტაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და საქართველოსთან მათი კავშირის შენარჩუნებაზე მუდმივად ზრუნვის ვალდებულება კონსტიტუციის დონეზე დაეკისრა. მისი თქმით, ქართული დიასპორის გასაძლიერებლად სახელმწიფო მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

„მოგესალმებით დიასპორის წარმომადგენლებს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულად ძვირფასია ქართული სახელმწიფოსთვის. თითოეული თქვენგანი არის საქართველოს ერთგვარი ელჩი, რომელსაც საქართველოს სახელი გააქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ცნობილია, უამრავ ქართველს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კულტურის, ეკონომიკის, მეცნიერების, სპორტისა და სხვა სფეროებში. ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა სახელმწიფოსა და ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ვალია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულება 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა.

საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, სადაც კონსტიტუციის დონეზე დაეკისრა ხელისუფლებას ვალდებულება, რომ მუდმივად იზრუნოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე და საქართველოსთან მათი კავშირის შენარჩუნებაზე. ქართული დიასპორის გასაძლიერებლად სახელმწიფო მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. არა მხოლოდ ქართული დიასპორის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აღიარებითაც სარგებლობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამები, რომლებიც დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის სამაგალითო, წარმატებულ ნიმუშად იქცა“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფორუმზე. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს მომავალ სესიაზე წარუდგენს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტს.

„ჩვენი ამოცანაა, თანამედროვე ცვალებად გარემოში, უპრეცედენტო გამოწვევებისა და ასევე, შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველა პირობა შევქმნათ, რათა ჩვენმა დიასპორამ ქვეყნის განვითარების პროცესში შეუფერხებელი მონაწილეობა მიიღოს. კანონპროექტი, რომელიც მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრსა და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ ინსტიტუტთან – მაასტრიხტის უნივერსიტეტის კვლევით გუნდთან თანამშრომლობით მზადდება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე ჩვენი ზრუნვაც განუხრელად გაძლიერდება. მინდა, დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს ვუსურვო მშვიდობა, ბედნიერება, წარმატებები და, რაც მთავარია, ჩემს ქვეყანას, მინდა, ვუსურვო, ქართული დიასპორის თითოეული წარმომადგენელი საბოლოოდ საკუთარ სამშობლოს დაბრუნებოდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები, რომელთა დიდი ნაწილიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები არიან, საუკეთესო მაგალითს აჩვენებენ, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში. პრემიერმა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც თითოეულ ქართველს აჩუქეს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევუერთდე მილოცვას ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მიმართ. ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში. მადლობა მათ იმ სიხარულისთვის, რომელიც გუშინ გვაჩუქეს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიამაყის განცდა, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიამაყის განცდა და მადლობა მათ ამ ბედნიერებისა და სიხარულისთვის, რომელიც გუშინ აჩუქეს თითოეულ ქართველს“, – თქვა პრემიერმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით კი, „სამშობლოსთან სიშორე ქართველებისთვის არასდროს ყოფილა ადვილი. ყველგან, სადაც ორი ქართველი მაინც მოიყრის თავს, აუცილებლად იქმნება პატარა საქართველო თავისი ტრადიციებით, რწმენით და სიყვარულით. დღეს ქართველთა დიასპორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. მათი უმრავლესობა საქართველოს დედა ეკლესიის კალთის ქვეშ დაიბადა და ეკლესიის წიაღშივე ფუნქციონირებს. ეს ერთობა უამრავ ქართველს იმედით, რწმენით აღავსებს, სიცოცხლის მუხტს აძლევს, აძლიერებს და ამხნევებს. ქართველთა დიასპორა უცხო ქვეყნებში არის შემნახველი ჩვენი გენის, ისტორიული მეხსიერების და კულტურის, ის ჩვენი ქვეყნის ნაწილია იქ, სადაც ის ცოცხლობს და სიცოცხლეს აგრძელებს.

ჩვენი დიასპორები, არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი დღევანდელი დღისა და მომავლისთვის. ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი – მათით. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის, ამ მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და თავგანწირვისთვის.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ამ ადამიანებთან მუდმივ კავშირსა და კომუნიკაციას, ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უკეთ დაიცავს მათ უფლებებს. ძლიერი საქართველოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ დიასპორის აქტიური მონაწილეობით. ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა საპარლამენტო მექანიზმისა თუ ინსტიტუტის აქტიური და ეფექტიანი გამოყენება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, წლებია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ ისეთ მნიშვნელოვან საგრანტო პროგრამას, როგორებიცაა: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“  (2018 წლიდან); „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“  (2019 წლიდან); „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“  (2020 წლიდან). აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის გრანტი მიიღო დიასპორების 278-მა წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, 2017 წლიდან საგარეო უწყება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის ფარგლებშიც ჯილდო გადაეცემათ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.

ფორუმის გახსნის ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები. ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცათ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და იტალიური „ნაპოლის“ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც მართლაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს უპრეცედენტო პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ.

28 მაისს ფორუმის მონაწილეებმა სამ თემატურ ჯგუფში განაგრძეს მუშაობა: განათლება და კულტურა, ბიზნესი და ეკონომიკა, ინფორმაცია – დიასპორის  წარმატების მექანიზმი.

„განათლების და კულტურისადმი“ მიძღვნილ პანელზე ისაუბრეს ქართული დიასპორის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდის და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში. დიდი ყურადღება დაეთმო დიასპორის წარმომადგენელთა მოღვაწეობის საჭიროებას საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, წარმოჩენის მნიშვნელობის თვალსაზრისით.

სამუშაო სესიაზე „ბიზნესი და ეკონომიკა“ ყურადღება გამახვილდა დიასპორის როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, საუბარი შეეხო არაერთ დიასპორულ ბიზნესპროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით. დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ.

თემატურ პანელზე „ინფორმაცია – დიასპორის წარმატების მექანიზმი“ ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მზარდი გამოყენების მნიშვნელობასა და თანამემამულეების რესურსის გამოყენების როლზე საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოსაჩენად.

28 ივნისს, ფორუმის ფარგლებში, გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებული დიასპორელი ბავშვების დაჯილდოება.

კონკურსი სამ კომპონენტს მოიცავდა: ესე, კალიგრაფიულად შესრულებული ნამუშევარი და ნახატი. საბოლოოდ 13 გამარჯვებული გამოვლინდ .

აღსანიშნავია, რომ დიასპორის ფორუმის ფარგლებში, კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტო: nostal.ge

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველწლიურად იმართება. ის მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close