საზოგადოებაეკონომიკა

ყველაზე ბევრს საბერძნეთში მუშაობენ – კვირაში რამდენ საათს მუშაობენ ევროპის ქვეყნებში

სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ სამუშაო ადგილზე გატარებულ ბევრ საათს ცოტა უპირატესობა აქვს – ადამიანი ნაკლებად პროდუქტიულია და უფრო მეტად უკმაყოფილოა ცხოვრებით.

ჯერ კიდევ 1930 წელს ინგლისელი ეკონომისტი ჯონ მეინარდ კეინსი წინასწარმეტყველებდა, რომ ადრე თუ გვიან კაცობრიობა მივიდოდა იქამდე, რომ ახალი ტექნოლოგიების და შრომის მზარდი ეფექტიანობის წყალობით ადამიანები კვირაში მხოლოდ 15 საათს იმუშავებდნენ.​​

ჯერ ამ წინასწარმეტყველების ახდენამდე შორია – 2023 წელს ევროკავშირში 20-64 წლის დასაქმებული ადამიანების საშუალო სამუშაო კვირა 36,1 საათი იყო.  ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.

აღნიშნულის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ბევრს საბერძნეთში მუშაობენ – კვირაში 39.8 საათს.

2023 წელს ყველაზე გრძელი სამუშაო კვირა ევროკავშირის შემდეგ ქვეყნებში იყო:

საბერძნეთი (39.8 საათი),
რუმინეთი (39,5 საათი),
პოლონეთი (39.3 საათი),
ბულგარეთი (39.0 საათი).

ლიტვაში, საშუალოდ, კვირაში 38,3 საათს მუშაობდნენ, ლატვიაში – 38,4 სთ, ესტონეთში – 36,4 სთ, ჩეხეთში – 37,8 სთ.

ყველაზე მოკლე სამუშაო კვირა ნიდერლანდებში იყო – 32.2 საათი, ნიდერლანდებს რეიტინგში მოსდევს ავსტრია – 33.6 საათით და გერმანია – 34 საათით.

მუშაობას და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესება კომპანიებს ფულს უზოგავს, რადგან კმაყოფილი თანამშრომლები იშვიათად იცვლიან სამუშაო ადგილს და ამიტომ დღეს სამუშაო საათების შემცირებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები უკვე მთელ მსოფლიოში ტარდება.

რომელ ქვეყნებში ატარებენ ექსპერიმენტებს და რა შედეგები აქვთ?

ახალი ზელანდია

ახალზელანდიური საადვოკატო კომპანია Perpetual Guardian-ის ხელმძღვანელობამ  2018 წლის მაისში ფირმის ოფისში მომუშავე 240 თანამშრომელს სთხოვა, ორი კვირის განმავლობაში კვირაში ოთხ დღეს (დღეში 8 საათს) ემუშავათ. ამასთან, თანამშრომლებს ძველი ხელფასები შეუნარჩუნეს.

ექსპერიმენტის ბოლოს მკვლევრებმა თანამშრომლები გამოკითხეს და მათგან 24%-მა თქვა, რომ მათთვის ბალანსი „სამსახური-სახლი“ გაუმჯობესდა, ხოლო 7%-ს სტრესი შეუმცირდა. ამავდროულად, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, შრომის მწარმოებლურობა არ შემცირებულა – ოთხი დღის განმავლობაში ადამიანები იმავეს გაკეთებას ასწრებდნენ,  რასაც ხუთ დღეში აკეთებდნენ. ამასთან, უშუალოდ კლიენტების მომსახურების განყოფილების მუშაობა გაუმჯობესდა. ექსპერიმენტის დადებითი შედეგებიდან გამომდინარე, კომპანია Perpetual Guardian-მა გადაწყვიტა, 4-დღიანი გრაფიკი შეენარჩუნებინა.

ისლანდია

2016 წელს ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკის ადმინისტრაციამ ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის პროცესში ზოგიერთ მუნიციპალურ დაწესებულებაში სამუშაო კვირა დაახლოებით ნახევარი დღით შეამცირეს. შედეგად არ შეცვლილა არც ხარჯები და არც შრომის ეფექტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები ოფისში ნაკლებ დროს ატარებდნენ.

შვედეთი 

შვედეთში  ექსპერიმენტები ჩაატარეს სხვადასხვა შრომით კოლექტივში – დაწყებული სტარტაპებიდან, მოხუცთა სახლებით დამთავრებული და თანამშრომლებს კვირაში 32-საათიანი მუშაობა შესთავაზეს.

იაპონია

იაპონიაში, სადაც მეტისმეტი მუშაობისგან ადამიანები ხშირად იღუპებიან, მთავრობამ ეგრეთ წოდებული „ნათელი ორშაბათები“ შემოიღო, როდესაც დამსაქმებლები თანამშრომლებს თვეში ერთ ორშაბათს სამსახურში დაგვიანების საშუალებას აძლევენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close