
ტერორის 40 წუთი, 5 ბანდიტის მძევლად საკუთარ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილ ვარსკვლავს, „ოქროს ბურთის“ მფლობელის, რობერტო ბაჯოს ცემასაც არ მოერიდნენ, რათა მისი სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაეტაცათ. ვეტერანი სპორტსმენი თავის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ვენეციის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ალტავილა ვიჩენტინაში (ვიჩენცის პროვინცია) ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე მოხდა. 57 წლის ბაჯო ოჯახთან ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი-იტალიის მატჩს უყურებდა, როდესაც მის ვილაში ხუთკაციანი ბანდა შეიჭრა.
ბაჯომ წინააღმდეგობის გაწევა და მძარცველების შეჩერება სცადა, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა და ერთ-ერთმა მძარცველმა მას შუბლში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა, შემდეგ ისიც და მისი ოჯახიც: მეუღლე – ანდრეინა, შვილები – ვალენტინა, მატია და ლეონარდო – ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს. მედიის ცნობით, ძარცვა 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ კი ბაჯომ ოთახის კარის საკეტის გატეხა მოახერხა და პოლიციას დაუკავშირდა, თუმცა იმ დროისთვის მძარცველები უკვე გაქცეულები იყვნენ. ვეტერანი ფეხბურთელი თავის არეში მიღებული ტრავმის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შუბლზე ნაკერები დაადეს.
ყაჩაღებმა გაიტაცეს ძვირფასი საათები, სამკაულები და ფული. ნაძარცვის საერთო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები ამოიღეს და დაზარალებულები დაკითხეს. „ანსას“ ინფორმაციით, მძარცველები, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპიდან არიან.
კომენტარები