„თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი – ჩვენი გული“ – ჩვენს ბიჭებს კიდევ აქვთ შანსი, მთავარი ბრძოლა წინაა! (ვიდეო)
BBC: „საქართველო, რომელიც პირველად თამაშობს ევროპაზე, მამაცურად იბრძოდა და კინაღამ გაათანაბრა ანგარიში“
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი საქართველომ თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 1:3 დაასრულა. ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ აქვს შანსი – 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს შეხვედრას, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. 6 ჯგუფში განაწილებული 24 ნაკრებიდან პლეი-ოფზე ბრძოლას 16 გააგრძელებს: პირველ და მეორე ადგილზე გასული 12 გუნდის გარდა მერვედფინალში გავა ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული კიდევ 4 ნაკრები, რომლებსაც სხვებზე უკეთესი მაჩვენებლები ექნებათ.
დამარცხების მიუხედავად საქართველოს დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი გამოდგა. ჩვენმა ნაკრებმა ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოლა. „საქართველო, რომელიც პირველად თამაშობს ევროპაზე, მამაცურად იბრძოდა და კინაღამ გაათანაბრა ანგარიში“, – ნათქვამია BBC-ს სტატიაში.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრას სააგენტო „ფრანს პრესი“ გამოეხმაურა.
სააგენტოს თქმით, საქართველო „დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად თამაშობს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იქ შემთხვევით მოხვდა.
მას შემდეგ, რაც 25-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა, საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ქართველებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ არ გაუმართლათ – ერთ ეპიზოდში ბურთი ძელსაც მოხვდა, თურქეთის ნაკრები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა“.
ევრო 2024-ის ფეისბუქის გვერდზე, საქართველო-თურქეთის თამაშის შემდეგ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ ასობით კომენტარი დაიწერა, სადაც საქართველოს ნაკრებს აქებენ და გულშემატკივრობენ. „თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი – ჩვენი გული“, „მამაცი ქართველები“, „საუკეთესო თამაში ამ დროისთვის“, „ამიერიდან ჩემი ქვეყნის შემდეგ ვიცი რომელ ქვეყანასაც ვუგულშემატკივრებ. აუცილებლად საქართველოს“, „ტურნირის საუკეთესო თამაში. ეს რა იყო! წითელჯვრიანი გუნდი იქნება ჩემპიონატის სიურპრიზი“, – წერენ უცხოელი გულშემატკივრები.
მთავარი ბრძოლა წინაა!
- 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ხოლო გერმანიის დროით 15:00 საათზე ჩვენი გუნდი ჩეხეთს შეხვდება ჰამბურგში, ვოლკსპარკშტადიონზე (ჩეხებმა პირველი მატჩი პორტუგალიასთან დათმეს 1:2).
- 26 ივნისს კი, თბილისის დროით 23:00 საათზე, ხოლო გერმანიის დროით 21:00 საათზე „ჯვაროსნები“ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს გელზენკირხენის ველტინს არენაზე დაუპირისპირდებიან.
თუ გერმანიაში იმყოფებით და აპირებთ, ჩვენი ნაკრების თამაშს ან თამაშებს დაესწროთ, მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ:
უპირველესად, გეტყვით, რომ ე.წ. Fan Pass-ის გამოყენებით თამაშის დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილებას შეძლებთ. Fan Pass-ის მოპოვება Euro 2024 app-შია შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ 2 საათით ადრე მაინც მიხვიდეთ იმ შესასვლელთან, სადაც თქვენი ადგილი მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მატჩამდე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ერთად იკრიბებიან და მსვლელობით დაიძვრებიან სტადიონებისაკენ.
გასათვალისწინებელია სტადიონზე შესვლისთვის აუცილებელი რამდენიმე პირობა:
- მოედანზე სპეციალური აკრედიტაციის გარეშე ვერ შეიტანთ ფოტო თუ ვიდეოკამერას. აკრძალულია, მათ შორის, დრონების შეტანაც;
- აკრძალულია ისეთი ბანერებისა და დროშების შეტანა, რომელთა ზომაც აღემატება 2 x 1.5 მეტრს;
- ვერ შეიტანთ სტანდარტული ზომის ზურგჩანთებს;
- გარეთ დაგატოვებინებენ ისეთ მსხვრევად ნივთებს, როგორიცაა: შუშის ბოთლი, ჭიქა და სხვა;
- ვერ შეიტანთ საკვებსა და სასმელს;
- აკრძალულია ლაზერული განათებების შეტანაც.
ისიც გახსოვდეთ, რომ სტადიონიდან გამოსვლის შემდეგ უკან ვეღარ დაბრუნდებით. ცნობისთვის, ნებადართულია ე.წ. ფაუერბანკის შეტანა.
მხარდაჭერა ჩვენს ბიჭებს ახლა კიდევ უფრო სჭირდებათ!
საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“ ავრცელებს ძალიან შთამბეჭდავ ვიდეოს, სადაც
საკუთარი მომღერლების და მოცეკვავეების მონაწილეობით გამოხატავენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მხარდაჭერას ევროპის ჩემპიონატზე.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები