ხარის პენისი, ცოცხალი წრუწუნებისგან დამზადებული ღვინო, წვნიანი ცხვრის თვალით… – ბერლინის უცნაური საჭმელების მუზეუმი (ვიდეო)
მსოფლიოში საკმაოდ ბევრი მუზეუმია, რომელიც სხვადასხვა პროდუქტს ეძღვნება – მაგალითად, დაკონსერვებულ საკვებს, ბანანს, შოკოლადს, ყველს… არც გერმანიაა გამონაკლისი – თუ ისტორიული ნაგებობების და ხელოვნების ნიმუშების ტკბობით დაიღლებით, შეგიძლიათ შეისვენოთ და ბერლინის უცნაური საჭმელების მუზეუმს ეწვიოთ, უფრო გაბედულებმა კი დააგემოვნოთ კიდევაც „ამაზრზენი“ ექსპონატები.
ლოკოკინები, გველისგან დამზადებული ღვინო, ხარის პენისი და სხვა უამრავი უცნაური საკვები შეიძლება თქვენთვის უცხო და მიუღებელი იყოს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანები მათ დიდი სიამოვნებით მიირთმევენ – ისინი, უბრალოდ, ნაციონალური კერძებია.
ყველაზე გაბედულ ვიზიტორებს მუზეუმში არსებულ ბარში ამ უჩვეულო კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ.
საინტერესოა, რამდენმა ადამიანმა მიირთვა ბერლინის მუზეუმში ჩინეთსა და კორეაში პოპულარული „ჯანმრთელობის ელექსირი“. ეს ღვინო ახალშობილი წრუწუნებისგან მზადდება – ათობით „ჩვილ“ ცოცხალ თაგვს, რომლებიც 3 დღეზე მეტი ხნის არ უნდა იყვნენ, ბრინჯის სპირტს ასხამენ და შემდგომ „ღვინის“ დადუღებას ელოდებიან. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი არსება ღვინოში კვდება, ეს მას სამკურნალო თვისებებს ანიჭებს.
გურმანებს შეიძლება მოეწონოთ ჰაბუშუ, იაპონური ბრინჯის სასმელი. მისი მთავარი ინგრედიენტია შხამიანი გველი ჰაბუ. სანამ სასმელში მოათავსებენ, გამოფატრულ გველს ყინავენ, შემდეგ ალღობენ. როდესაც დნობას იწყებს, ჰაბუ ცოცხლდება და ბოთლში შხამის გამოფრქვევას იწყებს. შემდეგ სასმელი შხამის განეიტრალებამდე ინახება.
კიდევ ერთი დელიკატესია მონღოლური პომიდვრის წვნიანი ზემოდან ცხვრის თვალით – როდესაც ფიალას ტუჩებთან მიიტანთ, მცურავი თვალი თვალებში ჩაგხედავთ.
მუზეუმის ექსპოზიციაში 90 დასახელების ასეთი ეგზოტიკური სასმელ-საჭმელია წარმოდგენილი და მას ყოველწლიურად 20 000-მდე ადამიანი სტუმრობს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები